თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ფრენბურთის ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის В ჯგუფის დასკვნით მატჩში ბელარუსთან დამარცხდა ანგარიშით 0:3 და ამით ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა.
მოწინააღმდეგეებმა უპირატესობა სასტარტო სეტის პირველივე გათამაშებიდან აიღეს ხელში, რაც ქულებშიც აისახა 25:8, 25:11, 25:12.
ქართველმა ფრენბურთელებმა არაერთი ბავშვური შეცდომა დაუშვეს, ბურთის მიღებისას შედეგიანობით არ გამოირჩეოდნენ, ხოლო მათი შეტევები სასურველი შედეგის მომტანი არ აღმოჩნდა.
მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ანასტასია გარელიკი გახდა, რომელმაც 12 ქულა დააგროვა.

„ჩვენ ამ მატჩისთვის სათანადო მომზადება ვერ შევძელით. ემოციურად გადავიწვით ხორვატიასთან თამაშის შემდეგ, როცა ჩვენ მესამე სეტი მოვიგეთ და მეოთხის მოგებაც შეგვეძლო, მაგრამ ეს ვერ გავაკეთეთ. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ არ გვჯეროდა ბელარუსის გუნდთან ხელსაყრელი შედეგით მატჩის დასრულების. ამიტომაც შედეგიც შესაბამისი აღმოჩნდა", — განაცხადა „Sputnik–საქართველოსთან" საუბრისას საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თიკა ჭაუჭიძემ.
თბილისის სპორტის სასახლეში В ჯგუფის დასკვნით მატჩზე იტალიამ ხორვატია დაამარცხა ანგარიშით 3:2 ოთხეულში პირველი ადგილი დაიკავა და, შესაბამისად, მეოთხედფინალში ავტომატურად გადაკვალიფიცირდა.

საქართველოში ქალთა შორის ფრენბურთში ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. დანარჩენი მატჩები აზერბაიჯანში გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ გუნდები თბილისში ტურნირის ორგანიზებით კმაყოფილი დარჩნენ — ტურნირი ევროპის ჩემპიონატის სტატუსის შესაბამისად მომზადდა და ჩატარდა.