საქართველოსა და რუსეთის არასმათავრობო სექტორების ურთიერთობები მისასალმებელია, მაგრამ არსებულ პრობლემას ეს ვერ გადაჭრის, მიიჩნევს ექსპერტი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ერეკლე მეორის საზოგადოების“ ხელმძღვანელი არჩილ ჭყოიძე.
თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრში გაიმართა მრგვალი მაგიდა „ქართულ–რუსული ურთიერთობები: დღეს და ხვალ“. რადგან ეს თემა განხილვის საგანი ხშირად ხდება, მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა ყურადღება ამჟამად არსებულ აქტუალურ პრობლემებზე გაამახვილეს.
„მე, როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელს, შემიძლია ვთქვა, რომ ქართული და რუსული არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობა ქართულ–რუსულ ურთიერთობებს არაფერს მოუტანს. რა თქმა უნდა, ეს კარგია, მისასალმებელია. მაგრამ როდესაც ურთიერთობების მოგვარებაზე ვსაუბრობთ, ეს სამთავრობო დონეზე უნდა გაკეთდეს“, – განაცხადა ჭყოიძემ.
ჭყოიძის მოსაზრებას დაეთანხმა ცნობილი პოლიტოლოგი პეტრე მამრაძე. მან აღნიშნა, რომ ქვეყნის ამჟამინდელ მთავრობას არ ჰყოფნის პოლიტიკური გამოცდილება, დაიწყოს მოლაპარაკებები ქართულ–რუსული ურთიერთობების მოგვარების შესახებ, რომლის ქვაკუთხედისაქართველოს მიერ არაკონტროლირებადი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიების საკითხებია. მათი გადაჭრა განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს და ეს პროფესიონალებს უნდა ჰქონდეთ.
„ყველას მინდა შევახსენო, რომ ამ რეგიონების პრობლემები არსებობდა ყოველთვის, მაგრამ ედუარდ შევარდნაძის დროს რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებდა“, – აღნიშნა მამრაძემ.
საერთაშორისო საკითხების ექსპერტმა ვასო კაპანაძემ აღნიშნა, რომ ადამიანებს, რომლებიც მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდებიან ქართული მხრიდან, უნდა ჰქონდეთ, პირველ რიგში, ისეთი მნიშვნელოვანი თვისება, როგორიცაა სამშობლოს სიყვარული. სწორედ ეს გრძნობა ჩააყენებს ვითარებას საჭირო კალაპოტში. პოლიტოლოგმა ასევე აღნიშნა ამ საკითხში მასმედიის მნიშვნელოვანი როლი.
„მასმედიის წარმომადგენლებმა უბრალოდ კი არ უნდა მიაწოდონ ინფორმაცია, არამედ გამოთქვან ხალხისა და სახელმწიფოს მოსაზრება. ჟურნალისტებმა უნდა იმუშაონ იმაზე, რომ ხალხის აზრი გაგებული იყოს“, – აღნიშნა კაპანაძემ.
პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა თამარ კიკნაძემ აღნიშნა, რომ, მიუხედავად პოლიტიკური ვითარებისა, ქართულ–რუსულ ურთიერთობებში პროგრესი შეინიშნება.
„ჩვენ რუსეთთან ერთად ვანვითარებთ ტურიზმს, ეკონომიკას. რუსეთს საქართველოს საინვესტიციო კლიმატი ძალიან აინტერესებს. პოლიტიკური სიტუაცია ბარიერი არ არის, მხოლოდ შეიძლება იმის წარმოდგენა, რამდენი რამ გაკეთდებოდა, ეს პრობლემები რომ არ იყოს“, – განაცხადა კიკნაძემ.
ყველა ექსპერტი შეთანხმდა, რომ პრობლემები თავისით არ გაქრება. ისინი გადაწყვეტასა და ორი ქვეყნის ერთმანეთისკენ გადადგმულ თამამ ნაბიჯებს მოითხოვს.