თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. გერმანიის საპარლამენტო არჩევნების შედეგების თანახმად, ბუნდესტაგში მემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ შევიდა, რომელიც გერმანულ საზოგადოებაში ევროსკეპტიკოს-ანტიისლამისტებად აღიქმებიან. როგორც გერმანიაში, ისე ევროპაში მემარჯვენეთა გამარჯვებაში ქვეყნის ხელისუფლების მიგრაციულ პოლიტიკას ადანაშაულებენ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების შედეგებით კარგა ხანია ჩანდა, რომ „ალტერნატივა“ პარლამენტში შევიდოდა, მაგრამ საბოლოო შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა – 12,6%.
მსხვილ ქალაქებში პარტიის მოწინააღმდეგეებმა ხალხმრავალი საპროტესტო აქციები მოაწყვეს. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ანგელა მერკელს, რომლის პარტიამაც ვერ მოიპოვა აბსოლუტური გამარჯვება, ასეთ ოპოზიციასთან ბრძოლა გაუჭირდება. ხოლო ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიდიე რეინდერსმა გერმანიის პარლამენტში მემარჯვენე „ალტერნატივის“ შესვლას „ისტორიული შოკი“ უწოდა.
რაც შეეხება თავად პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“, მის შიგნით უკვე შეინიშნება განხეთქილება: პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ფრაუკე პერტიმ განაცხადა, რომ ტოვებს საპარლამენტო ფრაქციას.
არჩევნების ბოლო მონაცემების თანახმად, კანცლერ ანგელა მერკელისა და ჰორსტ ზეეჰოფერის პარტიების ბლოკი „გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი“ ბუნდესტაგში 246 სავარძელს დაიკავებს, რაც დიდი დანაკარგია ალიანსისთვის. აღსანიშნავია, რომ მანამდე მათ პარლამენტში 311 დეპუტატი ჰყავდათ.