საქართველოში გამოემშვიდობნენ ზურაბ სოტკილავას — ცნობილ საოპერო მომღერალს, რომელმაც საკუთარი ნიჭით მსოფლიოს აღიარება მოიპოვა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, თუ როგორ ჩატარდა ცნობილ ტენორთან გამომშვიდობების ცერემონია, რომლის სახელიც სამუდამოდ დარჩება ქვეყნის თანამედროვე კულტურის ისტორიაში.
ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შაბათს ცნობილ მომღერალ ზურაბ სოტკილავასთან გამომშვიდობების ცერემონია გაიმართა. საქართველოში დაკრძალვა არტისტის ბოლო სურვილი იყო.
სოტკილავას ოჯახის წევრებს სამძიმარს რამდენიმე საათის განმავლობაში უცხადებდნენ. თეატრის შენობაში ისმოდა სოტკილავას მიერ შესრულებული მუსიკალური ნაშრომები, შესასვლელში მომღერლისა და მისი კოლეგების სტენდები იდგა. მომღერალთან გამოსამშვიდობებლად მივიდნენ მისი ახლობლები, კოლეგები, ცნობილი ქართველი მსახიობები და მომღერლები, პოლიტიკოსები, ხელისუფლების წარმომადგენლები — ქვეყნის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და სხვები.
ცნობილი ტენორი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს, ეკლესიის ტერიტორიაზე. სსრკ-ის და საქართველოს სახალხო არტისტი, დიდი თეატრის სოლისტი ზურაბ სოტკილავა 18 სექტემბერს, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა მოსკოვში.