თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ქვემო ხოდაშენში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს, იტყობინება საგამოძიებო სამსახური თავის ვებგვერდზე.
„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა თანამდებობრივი უფლება – მოვალეობების შესრულებისას, ყურძნის წარმომავლობასთან დაკავშირებული ცნობის გაცემის სანაცვლოდ, ერთ-ერთი მოქალაქისგან ქრთამის სახით, 1000 ლარი აიღო", — აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით ("ქრთამის აღება") მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.