თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ნაკრები ანგარიშით 0:3 დამარცხდა В ჯგუფის პირველ მატჩში იტალიის ნაკრებთან ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც დღეს საქართველოსა და აზერბაიჯანში დაიწყო.
საქართველოს ნაკრებისთვის, რომელიც კონტინენტურ პირველობაში პირველად მონაწილეობს, ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრების წინააღმდეგ მატჩი ერთგვარი მასტერ-კლასი გახდა.
იტალიელებმა მეტოქეებს ყველა კომპონენტში აჯობეს. ამას პარტიების ანგარიში მოწმობს: 25:14, 25:12, 25:12.
გამარჯვებული გუნდის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე პაოლა ოგეჩი ეგონუ გახდა, რომელმაც 16 დაგროვებული ქულიდან 5 ჩაწოდებაზე აიღო.
დღესვე В ჯგუფის მატჩი ხორვატიასა და ბელარუსს შორის გაიმართება.
თამაშების მეორე დღეს, 23 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ხორვატიას შეხვდება (მატჩი 7:00 საათზე დაიწყება), იტალიელები კი ბელარუსის წარმომადგენლებს დაუპირისპირდებიან. ეს თამაში 20:00 სათზე დაიწყება.
ტურნირში მონაწილეობას იღებს ოთხ ჯგუფად დაყოფილი 16 ნაკრები, თითოეულში ოთხი გუნდი. А, С და D ჯგუფის მატჩები აზერბაიჯანში, В ჯგუფის კი თბილისში, ახალ სპორტის სასახლეში ჩატარდება.
ტურნირის რეგლამენტით, საკუთარ ჯგუფებში პირველ ადგილზე გასული გუნდები, ავტომატურად კვალიფიცირდებიან მეოთხედფინალში. გუნდები, რომლებიც ჯგუფებში მეორე-მესამე ადგილებზე გავლენ, პლეი-ოფის პირველ რაუნდში მეოთხედფინალის სტადიის კიდევ ოთხ მონაწილეს განსაზღვრავენ.