თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. უზეირ ჰაჯიბეილის სახელობის IX საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში "მუგამას საერთაშორისო ცენტრში" ცნობილი ქართველი პიანისტის, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატის, იუნესკოს მშვიდობის არტისტის, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოს The medal of Georgian Government მფლობელის, ელისო ბოლქვაძის კონცერტი გაიმართა, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი".
ბაქოელებისთვის ელისო ბოლქვაძემ განსაკუთრებული საკონცერტო პროგრამა მოამზადა, რომელშიც პოპულარული უცხოელი კომპოზიტირების ნაწარმოები შევიდა.
პიანისტმა აღნიშნა, რომ პირველად ბაქოში შვიდი წლის ასაკში იყო და ქალაქზე, პრაქტიკულად, არაფერი ახსოვს.
„მოხარული ვარ, რომ პატივი მერგო ამ ფესტივალის ფარგლებში ბაქოელების წინაშე წარვდგე. ძალიან მინდოდა შემესრულებინა თქვენთვის ქარა ქარაევის ნაწარმოები, მაგრამ სარეპეტიციოდ თავისუფალი დრო არ მქონდა. მაგრამ არაფერია, სხვა დროს იქნება", — განაცხადა ბოლქვაძემ.
უზეირ ჰაჯიბეილის სახელობის IX საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ქვეყნის სხვადასხვა საკონცერტო დარბაზში 18-26 სექტემბერს იმართება. მასში რუსეთის, თურქეთის, გერმანიისა და სხვა ქვეყნის მუსიკოსები მონაწილეობენ.