ხელისუფლებამ უნდა აღადგინოს 2006 წელს გაუქმებული კანონი „მცირე მეწარმეობის შესახებ“, მიაჩნია ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ანზორ საკანდელიძეს.
„უნდა აღდგეს 1999 წელს მიღებული კანონი „მცირე მეწარმეობის შესახებ“, რომლის საფუძველზეც იყო შექმნილი მცირე მეწარმეობის მართვის სტრუქტურა – მცირე საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრი. ასევე არსებობდა მცირე მეწარმეობის საინვესტიციო ფონდი და ამ ფონდის სამთვალყურეო საბჭო, სადაც შედიოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო ორგანოების და კონტროლის პალატის წარმომადგენლები“, — განაცხადა საკანდელიძემ თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გამართულ ბრიფინგზე.
საკანდელიძე მიიჩნევს, რომ ამ კანონმა მაშინ მცირე მეწარმეობა ფეხზე წამოაყენა, ხოლო დღეს ყველაფერი, რასაც სახელმწიფო აკეთებს, ამ კანონის გარეშე წყალში გადაყრილი შრომაა.
კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც ხელისუფლებამ უნდა გადადგას, საკანდელიძის აზრით, სახელმწიფოს დავალიანების გასტუმრებაა, რისი ვალდებულებაც სახელმწიფომ აღიარა მეანაბრეების, მენაშენეებისა და სხვათა მიმართ, რომლებიც ძირითადად 90-იან წლებში სახელმწიფოს მიზეზით დაზარალდნენ. თუმცა, ეს ფინანსური ვალდებულება ბიუჯეტს რომ არ დააწვეს, ხელისუფლებამ მათთვის ე.წ. „საკომპენსაციო — საგადასახადო თამასუქი“ უნდა შემოიღოს და თითოეულს იმ ზარალის შესაბამი ღირებულების დაურიგოს, რომელიც მან სახელმწიფოსგან მიიღო.
„იმ დაზარალებულებს, რომლებიც საწარმოს გახსნიან, შესაძლებლობა ექნებათ თამასუქით დაფარონ შესაბამისი ოდენობის საგადასახადო დავალიანება, ხოლო მას, ვინც ვერ შეძლებს საწარმოს გახსნას, შეუძლია ეს თამასუქი მეწარმეს მიჰყიდოს. შედეგად – სახელმწიფოც გაისტუმრებს დავალიანებას და ახალი სამუშაო ადგილებიც შეიქმნება“, — აღნიშნა ანზორ საკანდელიძემ.
ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის, კომპანია „რევერსის" დირექტორის მალხაზ ცისკარიშვილის განცხადებით, საქართველოსთვის ნომერი პირველი ამოცანა სამანქანათმშენებლო მრეწველობის განვითარებაა, მით უმეტეს, რომ ქვეყანას ამის დიდი პოტენცილი დღემდე შემორჩა.
„ქვეყანა, რომელსაც არ ექნება მრეწველობა, ვერ განვითარდება და მისი ეკონომიკური პოტენციალი ყოველთვის უარყოფითისკენ იქნება გადახრილი. ამის ნათელი მაგალითია საბერძნეთი, რომელსაც იმხელა ტურისტული ინფრასტრუქტურა გააჩნია, რომ საქართველო მასთან ახლოსაც ვერ მივა“, — აღნიშნა მალხაზ ცისკარიშვილმა საერთაშორისო პრეს-ცენტრში გამართულ ბრიფინგზე.
მალხაზ ცისკარიშვილმა ყურადღება დედაქალაქში შექმნილ ეკოლოგიურ მდგომარეობაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ის კატასტროფულია.
„მარტო თბილისში დღეს დაახლოებით 600 000 მეორადი ავტომობილი გადადგილდება, რომელიც ცუდი საწვავისა და საექსპლუატაციო პირობების გამო საშინელ მდგომრეობაშია და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქალაქს. სწორედ მათზე მოდის გარემოს დაბინძურების დიდი წილი პროცენტულ მაჩვენებელში“, – აღნიშნა ცისკარიშვილმა.
მეცნიერის თქმით, გარემოს დაბინძურება ყველაზე მეტად დედაქალაქის იმ ნაწილებში ხდება, სადაც მძღოლებს ყველაზე ხშირად უწევთ საცობებში დგომა.
„ქუჩების განაპირა ზოლებზე პარკირება უნდა აიკრძალოს, რადგან ისედაც ვიწრო ქუჩები ამდენ ავტომობილს ვერ იტევს. შედეგად იქმნება საცობი, სადაც ავტომობილების მიერ ხდება საწვავის გადახარჯვა, ამას კი თავის მხრივ გარემოს დაბინძურება მოსდევს“, – განაცხადა ცისკარიშვილმა.
ანზორ საკანდელიძემ და მალხაზ ცისკარიშვილმა „თბილისისა და თბილისელების გადარჩენის მეგაპროგრამა" შეიმუშავეს, სადაც ჩამოთვლილია ყველა ის მთავარი პრობლემა, რომელიც დღეს დედაქალაქს აწუხებს და მოცემულია მათი გადაჭრის გზები.