თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. თბილისის ცენტრში, პეკინის ქუჩის სარემონტო სამუშაოები ოფიციალურად დასრულდა.
პეკინის ქუჩაზე 16 ივნისიდან მასშტაბური სარემონტო სამუშაოები ჩატარდა — დაიგო ახალი ასფალტის საფარი, მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები და წყალგაყვანილობის სისტემა. გარდა ამისა, მოეწყო ტროტუარები და ველობილიკები ასევე გადასასვლელები შშმ პირებისთვის.
"პეკინის ქუჩის რეაბილიტაცია 2017 წლის ყველაზე მასშტაბური და ამბიციური პროექტია… მოეწყო ავტობუსის ზოლები, დაიდგა ახალი მოსაცდელები. შეიცვალა შუქნიშნები, რომლებიც შშმ პირებისთვის ადაპტირებული ხმოვანი აპარატურით აღიჭურვა. უახლესი ტექნოლოგიით მოეწყო ქვეითთა გადასასვლელები, ველობილიკები და ველოსადგომები", — განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განახლებული ქუჩის გახსნის ცერემონიაზე.
პეკინის ქუჩაზე ტრანსპორტი მოძრაობა ცალმხრივი იქნება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი ნარმანიას თქმით, 23 სექტემბრიდან ორმხრივ რეჟიმში იმოძრავებს.
სარემონტო სამუშაოების ფარგლებში პეკინიდან ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირის კვეთებში მოეწყო უსაფრთხოების კუნძულები, ხოლო კალანდაძისა და პეკინის ქუჩების კუთხეში გაფართოვდა გზა და დაემატა ერთი საავტომობილო ზოლი. ასევე გაკეთდა ველობილიკები, სადაც ველოსადგომებისთვის 4 ლოკაცია გამოიყო. საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გაჩნდა სპეციალური მონიშვნები.
გარდა ამისა, პეკინი-მიცკევიჩის ქუჩების კვეთაზე დაახლოებით 50 ავტომანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყო. საერთო ჯამში პეკინის ქუჩაზე პარკირების 205 ადგილი იქნება.
პეკინის ქუჩაზე სარემონტო სამუშაოები 60 წელი არ ჩატარებულა.