ათწლეულების განმავლობაში ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ ქორწინების უღელი ადამიანის ჯანმრთელობასა და სულიერ მდგომარეობას ამძიმებს. ქორწინება, შესაძლოა, ზიანის მომტანი აღმოჩნდეს ფსიქიკური ჯანმრთელობისთვისაც და, მთლიანად, ორგანიზმისთვის. იცით, რომ დაოჯახებულები მოწიფულ ასაკში უფრო ხშირად ავადდებიან ქრონიკული სენით, ვიდრე დაუოჯახებლები?
პარტნიორის გარეშე ცხოვრება იქნებ არც ისე ცუდია, როგორც ყველა ფიქრობს? და, აჰა, ამის დასაბუთებაც:
• შეიძლება უფრო ბედნიერიც იყოთ!
არ დაუჯეროთ ყველაფერს, რასაც ქალების ჟურნალებში წერენ. ფიქრობთ, რომ მარტო ყოფნა ცუდია?
მკვლევარებმა ახალ ზელანდიაში 18-დან 94 წლამდე 4000 მამაკაცისა და ქალის ცხოვრება შეისწავლეს და აღმოჩინეს, რომ მარტოხელები ხშირად უფრო ბედნიერად გრძნობენ თავს, ვიდრე დაქორწინებულები.
და ეს ერთადერთი მტკიცებულება არ არის. 2014 წელს Journal of Psychophysiology-მ თავისი კვლევა ჩაატარა და მივიდა დასკვნამდე, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში დაოჯახებული ადამიანების დიდ ნაწილში ქორწინება უფრო უარყოფით ემოციურ რეაქციებს იწვევს, ვიდრე დადებითს. უფრო მეტიც, უკმაყოფილებამ თავისი ურთიერთობებით შესაძლოა დეპრესიაც გამოიწვიოს.
• უფრო ადვილია წონის შენარჩუნება
ურთიერთობები წონაზე მოქმედებს. გასულ წელს ავსტრალიაში ჩატარებული კვლევისას 350 პატარძალს დააკვირდნენ. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ქორწინებაზე თანხმობიდან ექვს თვეში ქალი დაახლოებით სამ კილოგრამს იმატებს წონაში.
2013 წელს ჟურნალმა Health Psychology შეისწავლა 169 ცხრა ოჯახური წყვილის ისტორია და ჯანმრთელობა. თითქმის ყველამ — 338-მა ახალგაზრდამ ერთობლივი ცხოვრების ოთხ წელიწადში წონაში არსებითად მოიმატა. მიზეზად თითქმის ყველა ერთსა და იმავეს ასახელებდა: "რადგან ცხოვრება აეწყო, შეიძლება მოდუნება და წონის შენარჩუნების მცდელობაზე უარის თქმა".
• მარტოხელა ქალები უფრო ხშირად მისდევენ სპორტს
მას, ვისაც ცხოვრების თანამგზავრი არ ჰყავს, უფრო ხშირად ირჩევს ველოსიპედით გასეირნებას, ვიდრე ადგილს ვახშმისთვის. ბოლო გამოკითხვის თანახმად, ზრდასრული ბრიტანელების მხოლოდ 27% უთმობს სპორტს კვირაში რეკომენდებულ 150 წუთს.
ამასთან, ამ წესს უმეტესად ქალები მისდევენ — 63%; მარტოხელა განქორწინებულ მამაკაცებში ეს მაჩვენებელი 37%-ია.
კვლევები აჩვენებს, რომ ამის მიზეზია დაქორწინების შემდეგ ვალდებულებებისა და საქმეების გაზრდა.
• მარტოხელა ქალებს უფრო მტკიცე კავშირები აქვთ მეგობრებთან
მეცნიერებმა ბოსტონის კოლეჯიდან და მასაჩუსეტსის უნივერსიტეტიდან აღმოაჩინეს, რომ გათხოვილი ქალები თითქმის ყოველთვის მსხვერპლად სწირავენ სოციალურ კავშირებს თავისი მამაკაცის სასარგებლოდ.
მათ კი (და, მათ შორის, მამაკაცებსაც), ვინც დაქორწინებული არ არის, ბევრად უფრო საიმედო და მტკიცე ურთიერთობები აქვთ და-ძმასთან, მეგობრებთან.
2010 წელს ჩაატარეს კვლევა, რომელშიც 300 000 მამაკაცი მონაწილეობდა. კვლევის საფუძველზე დაასკვნეს, რომ 50%-ით იზრდება იმ ადამიანების ვადამდე, ანუ დაბერებამდე გარდაცვალების რისკი, რომელთაც ურთიერთობების ფართო წრე არ აქვთ. ამის მიზეზი იმუნური სისტემის მუშაობაშია. თუ ბევრი მეგობარი გყავთ და აქტიურ სოციალურ ცხოვრებას ეწევით, თქვენთვის უფრო ადვილია მოდუნება, სტრესისა და სენის განდევნა. თქვენ იცით, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც შეგიძლიათ დაეყრდნოთ და ეს ცხოვრების წნეხს მნიშვნელოვნად ამსუბუქებს.
• მარტოხელებს ფულთან დაკავშირებით ნაკლები პრობლემები აქვთ
2004 წელს 2000 ადამიანზე ჩატარებული კვლევის თანახმად, მეუღლეების ერთი მესამედი რეგულარულად ჩხუბობს ფულთან დაკავშირებით.
დაოჯახებული ადამიანების 76% აღიარებს, რომ თანხასთან დაკავშირებით მოატყუა პარტნიორი. თუ ადამიანს ანგარიში არ აქვს არავისთან ჩასაბარებელი – რაში და სად დახარჯა ფული, სტრესიც არა აქვს.
• მარტოხელებს კარიერული ზრდის მეტი შანსი აქვთ
თუ კარიერული წინსვლით ხართ დაინტერესებული, სერიოზულ ურთიერთობებზე უარი ბრძნული გადაწყვეტილებაა. ახალგაზრდა უშვილო და გაუთოვარი ქალები ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიცაა ნიუ-იორკი და ლოს-ანჯელესი, დაოჯახებულ მამაკაცებზე საშუალოდ 15%-ით მეტ თანხას გამოიმუშავებენ.
კვლევები აჩვენებს, რომ განათლებამიღებული ქალები, როგორც წესი, მტკიცე და სტაბილურ ურთიერთობებს სხვებზე გვიან იწყებენ. როგორც ცნობილია, სერიოზული ურთიერთობები მუშაობაზე ყურადღების კონცენტრაციას ხელს უშლის.
• იცავთ გულს
მარტო ყოფნა რომანტიკული ტანჯვისგან თავისუფლებას ნიშნავს. ეს კი ამცირებს მოწიფულ ასაკში გულთან დაკავშირებული პრობლემების განვითარების რისკს. ამ თეზისის მტკიცებულებები 2014 წელს მიჩიგანის შტატის უნივერსიტეტმა წარმოადგინა.
მკვლევარები ხუთი წლის განმავლობაში სწავლობდნენ 1000 დაქორწინებული ქალისა და მამაკაცის ცხოვრებას. აღმოჩნდა, რომ უიღბლო ქორწინება გულს იმაზე მეტად ვნებს, ვიდრე წარმატებულ ქორწინებას სარგებელი მოაქვს.
სტაბილური მარტოობა სჯობს ვნებიან და ცეცხლოვან, მაგრამ ხანმოკლე რომანებს, ასკვნიან მეცნიერები. თუ ამას დავუმატებთ, რომ სიყვარული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ფსიქიკურ დაავადებათა ნუსხაში ოფიციალურად შეიტანა…
ამბობენ, სიყვარული ბრმააო, მის გარეშე ცხოვრებას ლაზათი ეკარგებაო… უსასრულოდ შეიძლება საუბარი და კამათი, რომელი ჯობს – დაოჯახება თუ მარტოობა. ერთი რამ კი დანამდვილებით უნდა ითქვას: სიყვარული არავის ეკითხება – როდის, ვის და სად მიაკითხავს, როგორ "უმასპინძლებს" სიყვარულს ადამიანი და რას გადაწყვეტს შემდეგ, გული გაიმარჯვებს თუ გონება, ეს უკვე ინდივიდუალურად თითოეულ ადამიანზეა დამოკიდებული…