თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ახალი, 166-ე საბალეტო სეზონის გახსნაზე პრიმა-ბალერინა და თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი იცეკვებს.
ლეგენდარული ქართველი ბალერინა 23 სექტემბერს ოდეტის პარტიას შეასრულებს პეტრე ჩაიკოვსკის მუსიკაზე შექმნილ ბალეტში „გედების ტბა".
სცენაზე ანანიაშვილის პარტნიორი ბალეტის ცნობილი არტისტი, ბელარუსის ოპერისა და ბალეტის აკადემიური ეროვნული დიდი თეატრის წამყვანი სოლისტი დენის კლიმუკი იქნება.
„გედების ტბა" — ეს ის სპექტაკლია, რომელიც ცხოვრებაში ყველაზე ბევრჯერ მიცეკვია, თუმცა, მიუხედავად ამისა, ყოველ ჯერზე ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს პირველად ვცეკვავ… და ეს ყველაფერი განსაკუთრებით ძნელია დასვენების შემდეგ. არა მარტო მე, არამედ მთელი დასი აქტიურად ემზადება, რომ ფორმაში ჩავდგეთ", — განაცხადა ნინო ანანიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
საპრემიერო სპექტაკლები 22, 23 და 24 სექტემბერს გაიმართება. ყველა სპექტაკლში სხვადასხვა შემადგენლობა იქნება ჩართული. სოლისტებს შორის არიან ნინო ანანიაშვილი, ლალი კანდელაკი, ნუცა ჩეკურაშვილი, ნინო სამადაშვილი და ფრენკ ვან ტოგნერენი.
როგორც თეატრში აღნიშნავენ, სეზონის გახსნის შემდეგ დასი პროკოფიევის „რომეო და ჯულიეტასა" და ჩაიკოვსკის „მძინარე მზეთუნახავის" აღდგენას შეუდგება.
ახალ სეზონზე დასი როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე საბალეტო სპექტაკლებს დადგამს. სცენაზე კვლავ გაცოცხლდება „ლაურენსია", „დონ კიხოტი", „ჟიზელი", „ფასკუნჯი", „წუნა და წრუწუნა" და სხვები.
გარდა ამისა, როგორც თეატრში აღნიშნავენ, ამ სეზონზე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში თანამედროვე სპექტაკლს ცნობილი ფრანგი ქორეოგრაფი მედი ვალერსკი დადგამს.