თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. ქართველი საოპერო ბასი გოდერძი ჯანელიძე ელენა ობრაზცოვას სახელობის ახალგაზრდა საოპერო მომღერლების კონკურსის გამარჯვებულია.
XI საერთაშორისო კონკურსი სანქტ-პეტერბურგში 10-17 სექტემბერს ტარდებოდა შოსტაკოვიჩის სახელობის აკადემიურ ფილარმონიაში.
კონკურსის ლაურეატები საფინალო ტურის დასრულების შემდეგ გამოვლინდნენ ფინალში გასულ 15 მონაწილეს შორის.
მეორე პრემია მონღოლ ბარიტონ ენჰბოლდ ანბაიარსა და პეტერბურგელ ტენორ შოთა ჩიბიროვს შეხვდა, ხოლო მესამე პრემია ორმა სოპრანომ გაინაწილა: უფელმა დილარა იდრისოვამ და პეტერბურგელმა ანასტასია დონეცმა.
„მაყურებელთა სიმპათიის პრიზ“ 19 წლის სანქტ-პეტერბურგელ კონტრატენორ იური იუშკევიჩს ერგო წილად, ხოლო „კონკურსის საუკეთესო კონცერტმაისტერის“ წოდება ასევე პეტერბურგელმა ვასილი პოპოვმა დაიმსახურა.
სულ კონკურსში 21 ქვეყნის 18-დან 32 წლამდე ასაკის 184 ახალგაზრდა საოპერო მომღერალი მონაწილეობდა აზერბაიჯანიდან, სომხთიდან, ბელარუიდან, ბულგარეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საქართველოდან, ისრაელიდან, ყაზახეთიდან, ჩინეთიდან, ლიტვიდან, მაკედონიიდან, მონღოლეთიდან, ნორვეგიიდან, პოლონეთიდან, კორეიდან, რუსეთიდან, სერბეთიდან, უზბეკეთიდან, უკრაინიდან, ფინეთიდან და იაპონიიდან.
შეგახსენებთ: 2016 წელს ელენა ობრაზცოვას სახელობის კონკურსი საერთაშორისო კონკურსების მსოფლიო ფედერაციის წევრი გახდა. ის ტრადიციულად ორ წელიწადში ერთხელ იმართება მომღერლის მშობლიურ ქალაქ სანქტ-პეტერბურგში.
შემდეგი კონკურსი 2019 წელს ჩატარდება, რომელზეც ობრაზცოვას 80 წლის იუბილე აღინიშნება.
რაც შეეხება გოდერძი ჯანელიძეს, ის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებული და 2017 წლიდან მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტია.