ქართული კომპანიები ჩინეთში სავაჭრო გამოფენაში მიიღებენ მონაწილეობას

© AFP 2024 / WANG ZHAOპეკინის საქმიანი ცენტრი
პეკინის საქმიანი ცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოფენაზე, სადაც საქართველოს განსაკუთრებული სივრცე დაეთმობა, წარმოდგენილი იქნება ჩვენი ქვეყნის პოტენციალი სხვადასხვა დარგში.

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. მასშტაბურ საერთაშორისო საინვესტიციო და სავაჭრო გამოფენაზე China Investment and Trade Fair 2017 (CIFIT), რომელიც ჩინეთში, პროვინცია ფუჯიანის ქალაქ სიემენში 18-21 სექტემბერს გაიმართება, დაახლოებით 120 ქართული კომპანია მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია ჩინეთში იმყოფება, სადაც ფუჯიანის გუბერნატორს შეხვდა და, სხვა საკითხებთან ერთად, გამოფენის თემაზეც იმსჯელა.

„გამოფენაზე საქართველო წარმოდგენილი იქნება როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმღები მხარე, რაც ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია“, — განუცხადა გახარიამ ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ.

გამოფენაზე, სადაც საქართველოს განსაკუთრებული სივრცე დაეთმობა, წარმოდგენილი იქნება ჩვენი ქვეყნის პოტენციალი სხვადასხვა დარგში, რაც, უპირველესად, საქართველოს ბიზნეს-კლიმატის, საინვესტიციო და სავაჭრო შესაძლებლობების გაცნობას მოიაზრებს. 

CIFIT-ზე ქართული მხარე წარმოადგენს იმ სახელმწიფო უწყებების სტენდებს, რომლებიც სამთავრობო პროგრამებს ახორციელებენ, და აგრეთვე ღვინის მწარმოებელ და ექსპორტიორ კომპანიებს. დაინტერესებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა, გაესაუბრონ ქართული კომპანიებისა და უწყებების წარმომადგენლებს. 

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, 2017 წელი უმნიშვნელოვანესია ქართულ-ჩინური ურთიერთობებისთვის, ვინაიდან სწორედ წელს მოეწერა ხელი შეთანხმებას ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. 

საქართველოსა და ჩინეთის ეკონომიკის მინიტრებმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დოკუმენტს ხელი 2017 წლის მაისში მოაწერეს. ხელშეკრულების თანახმად, ჩინეთში შეტანილი ქართული პროდუქციის დაახლოებით 94% საბაჟო გადასახადისგან თავისუფლდება. აღნიშნული დოკუმენტი საბოლოო მას შემდეგ ამოქმედდება, რაც ორივე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო მოახდენს მის რატიფიკაციას.

ყველა ახალი ამბავი
0