თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 2008 წლის ომში დაღუპული მაიორი შალვა დოლიძის სახელობის სპორტული ტურნირი გაიმართა, იუწყება თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.
შალვა დოლიძე მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის მეთაურად მსახურობდა.
ტურნირზე ერთმანეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები გაეჯიბრნენ სირბილში, მშვილდოსნობაში, ცურვაში, პნევმატური იარაღიდან სროლაში, მძლეოსნობაში, მკლავჭიდში, მაგიდის ჩოგბურთსა და ბილიარდში.
ტურნირის გამარჯვებულები უკვე გამოვლინდნენ და მედლებიც გადაეცათ. ჯილდოები პრიზიორებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ზაზა ჩხაიძემ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსმა პაატა პატიაშვილმა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ გადასცეს.
თავდაცვის აკადემიაში გამართულ სპორტულ ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მაიორ შალვა დოლიძის ოჯახის წევრები — მეუღლე და ვაჟი.