თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. ფესტივალი Camera Obscura: Berlin x Tbilisi საქართველოში 2017 წლის 19-23 სექტემბერს პირველად ჩატარდება, იუწყებიან ორგანიზატორები.
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები მოიცავს კლასიკური და ჯაზ-მუსიკის კონცერტებს, ფოტოგამოფენას, თემატურ დისკუსიებსა და კლუბურ საღამოს ბერლინელი დიჯეების მონაწილეობით.
ფესტივალი ქართულ-გერმანული საიუბილეო წლის ფარგლებში გაიმართება, რომელიც ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს და საქართველოში გერმანული დასახლების დაარსების 200 წლისთავს ეძღვნება.
ფესტივალი Camera Obscura: Berlin x Tbilisi გერმანიასა და საქართველოს შორის ხელოვნებისა და მუსიკის სფეროებში დიალოგის გაღრმავებას ეძღვნება, თუმცა მის ძირითად თემას ორი ქალაქის — თბილისისა და ბერლინის კულტურული ურთიერთობები წარმოადგენს.
ორგანიზატორების განცხადებით, ფესტივალ Camera Obscura: Berlin x Tbilisi-ს პროგრამის ნაწილი გახდება პანელ-დისკუსია აქტუალურ თემაზე — ურბანული განვითარება.
ფესტივალის სპიკერი ცნობილი გერმანელი არქიტექტორი ბერლინიდან შტეფან ბრაუნფელსი (Stefan Braungels) იქნება, რომელმაც გერმანიაში სახელი მუზეუმების, სამთავრობო და საოფისე შენობებზე მუშაობით დაიმკვიდრა.
პანელ-დისკუსიის წამყვანები ასევე იქნებიან არქიტექტურული ბიუროს Multiverse Architecture-ს (MUA) დამფუძნებლები დევი ქიტუაშვილი და გოგიკო საყვარელიძე.
MUA — დინამიური ოფისია, რომელიც საერთაშორისო არქიტექტურული და ურბანული დიზაინის გამოცდილებას იყენებს. მისი დამფუძნებლები არიან დევი ქიტუაშვილი და გოგიკო საყვარელიძე, რომლებიც ასევე მულტიფუნქციური არტ-ცენტრ Fabrika-ს დიზაინის ავტორები არიან.