თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იმ კარტოფილის მოსავალი აიღო, რომლის თესლი მას ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ თბილისში ვიზიტისას აჩუქა.
ლუკაშენკო საქართველოს 2016 წლის ოქტომბერში ეწვია.
"ბარაქიან შემოდგომას გისურვებთ! ბელორუსული სათესლე კარტოფილის გამოყენებით, დაცულ აგროვადებში, უხვი მოსავალი — 1 ტომრიდან 6 ტომარა კარტოფილი მივიღეთ. მადლობა მეგობრებს!" — დაწერა მარგველაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
მანამდე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის და ლუკაშენკო ერთმანეთს ეჯიბრებიან — ვინ უფრო დიდ მოსავალს აიღებს.
ლუკაშენკოს მიერ ნაჩუქარი კარტოფილი მარგველაშვილმა საკუთარ მიწის ნაკვეთზე დუშეთში შარშანაც დათესა, მაგრამ, როგორც მან აღიარა, მოსავალი ისეთი უხვი ვერ მიიღო, როგორც ბელარუსის პრეზიდენტმა.