თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. მილანის მოდის კვირეული 23 სექტემბერს ქართველი დიზაინერის, ანუკი არეშიძის 2018 წლის გაზაფხული/ზაფხულის ახალ კოლექციას იხილავს, ნათქვამია დიზაინერ ANOUKI-ს ბრენდის Facebook-გვერდზე.
მილანის მოდის კვირეული 20-25 სექტემბერს ჩატარდება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორებიცაა BVLGARI, FURLA, LAURA STRAMBI და სხვ.
„23 სექტემბერს, ANOUKI უკვე მეორედ წარადგენს კოლექციას მილანის მოდის კვირეულის ოფიციალურ განრიგში, პრეზენტაციის სახით", — ნათქვამია განცხადებაში.
იტალიის მოდის ასოციაციამ Camera Nazionale della Moda Italiana გამოაქვეყნა ოფიციალური განრიგი, რომელშიც ანუკი არეშიძის კოლექციის ჩვენების დრო და თარიღია მითითებული.
თებერვალში პოპულარული ქართული ბრენდი ANOUKI, რომლის დამაარსებელიც ანუკი არეშიძე — ყოფილი ფეხბურთელის, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრისა და ვიცე-პრემიერ კახა კალაძის მეუღლეა, მილანის მოდის კვირეულის ოფიციალური წევრი გახდა.
პირველი საკუთარი კოლექცია არეშიძემ 2013 წელს წარადგინა. იმ დროიდან ყველა მისი შოუს სანახავად სავსე დარბაზები იკრიბება, მისი კოლექციები თბილისისა და ბათუმის მონო-ბუტიკებში, ასევე მის ონ-ლაინ მაღაზიაში იყიდება.
მილანის მოდის კვირეული მსოფლიო მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. მის ჩვენებებზე სხვადასხვა ატელიე და მოდის სახლი მაყურებელს საკუთარ კოლექციებს უჩვენებს და ახალი სეზონის მოდის მიმართულებების შეფასების საშუალებას იძლევა.
სწორედ ოთხ „მოდის დედაქალაქში" (ე.წ. დიდი ოთხეული) მოდის კვირეული ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღონისძიებაა. პირველი ჩვენებები, ტრადიციულად, ნიუ-იორკში იწყება, შემდეგ იმართება ლონდონსა და მილანში, ხოლო მოდის შოუს ფინალი პარიზში ტარდება.
მილანში თებერვალსა და სექტემბერში ქალის კოლექციების ჩვენებები იმართება, იანვარსა და ივნისში — კაცის.