თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა, სადაც ქალაქ ჩენდუში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) 22-ე გენერალურ ასამბლეაში, აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა ქალაქ ჩენდუში 11-16 სექტემბერს მიმდინარეობს. ღონისძიებაზე იგეგმება გენერალური მდივნის კანდიდატურის დამტკიცება, რომელიც ორგანიზაციას 2018-2021 წლებში უხელმძღვანელებს. UNWTO-ს პირველად უხელმძღვანელებს საქართველოს წარმომადგენელი ზურაბ პოლოლიკაშვილი.
საგარეო უწყების მონაცემებით, გენერალურ ასამბლეაზე დაგეგმილია ჯანელიძის სიტყვით გამოსვლა. ვიზიტის ფარგლებში ის ასევე მონაწილეობას მიიღებს ხეების დარგვის ცერემონიაში.
ზურაბ პოლოლიკაშვილი 1977 წლის 12 იანვარს თბილისში დაიბადა. დამთავრებული აქვს თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო საბანკო საქმის ფაკულტეტი, მაგისტრის ხარისხი მადრიდში მიიღო.
2001-2005 წლებში "TBC ბანკში" წამყვან თანამდებობებზე მუშაობდა, რის შემდეგაც ერთი წლის განმავლობაში ეკავა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა.
2006-2009 წლებში ესპანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი იყო, მომდევნო ერთი წელი კი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობდა.
2010 წელს პოლოლიკაშვილი კვლავ "TBC ბანკში" დაბრუნდა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე.
2011-2012 წლებში საფეხბურთო კლუბ თბილისის "დინამოს" დირექტორი იყო.
2012 წელს პოლოლიკაშვილი განმეორებით დაინიშნა ესპანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად.
ფლობს ინგლისურ, ესპანურ, ფრანგულ, რუსულ და იაპონურ ენებს. დაოჯახებულია, ჰყავს სამი შვილი.