14 სექტემბრიდან თბილისის კინოთეატრებში შეგიძლიათ ნახოთ:
„დედა!“ (Mother!) — დარენ არონოფსკის ამერიკული დრამატული საშინელებათა ფილმი. სცენარის ავტორიც დარენ არონოფსკია. მთავარ როლებში ჯენიფერ ლოურენსი, ჰავიერ ბარდემი, ედ ჰარისი, მიშელ პფაიფერი, დონალ გლისონი. ახალგაზრდა ქალი ქმართან ერთად ქალაქგარეთ მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობს. მან საკუთარ სახლში ყველაფერი თავის გემოზე გადააკეთა და იქ ნამდვილი სამოთხე შექმნა. ერთ მშვენიერ დღეს მათ გამოეცხადებათ უცნობი მამაკაცი თავის ცოლთან ერთად და დროებით თავშესაფარს სთხოვს. დაუპატიჟებელმა სტუმრებმა დიასახლისს ძლიერი აღელვება და პარანოიდალური აზრები გაუჩინეს. ამ მომენტიდან მას ქმართან პრობლემები დაეწყო და მათი მშვიდი ცხოვრებაც დასრულდა.
„ჯუნგლების მცველები“ (Les as de la jungle) — რეჟისორ დევიდ ალოს ფრანგული მულტფილმი. სიუჟეტის ცენტრშია მორისი, რომელიც პინგვინივით კი გამოიყურება, მაგრამ შინაგანად ნამდვილი ვეფხვია. მორისი ძუ ვეფხვმა გაზარდა და ის კუნგ-ფუს ყველაზე მოუქნელი ოსტატი გახდა. თავის მეგობრებთან ერთად, რომლებიც თავის თავს ჯუნგლების მცველებს უწოდებენ, ჯუნგლებში წესრიგსა და სამართლიანობას იცავს, როგორც ამას მანამდე დედამისი აკეთებდა. გმირებს მოუწევთ ბრძოლა ბოროტ კოალასთან, რომელსაც ჯუნგლების სამუდამო განადგურება სურს. მასთან გამკლავება იოლი არ არის, მას ხომ არც ისე ჭკვიანი ბაბუინების არმია ეხმარება.
საინტერესო ფაქტი: მულტფილმის გადაღებებისთვის რამდენიმე კილომეტრის სიგრძის მოქნილი დეკორაციები შეიქმნა, რომლებზეც პერსონაჟები 50-200 კმ/სთ სიჩქარით იმოძრავებდნენ. სრულმეტრაჟიანი მულტფილმის შექმნას ორი წელი დასჭირდა.
„სავარძელი“ — რეჟისორ ელდარ შენგელაიას აბსურდული სატირული ტრაგიკომედია. მთავარი გმირი — იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების მინისტრი გიორგი მჭედლიშვილი არჩევნებზე დამარცხების შემდეგ კარგავს ყველაფერს — სამსახურს, ავტომობილსა და, რაც ყველაზე მთავარია, ძალაუფლებას. გაცოცხლებული სავარძელი ყოფილ მინისტრს მოქმედებებისკენ უბიძგებს, მაგრამ ამაოდ. ერთხელ ის თავისი ოცნების გოგონას შეხვდება, მაგრამ ამასთან ერთად ბედი მას ნაკლებად სასიამოვნო სიურპრიზებს უმზადებს. ახალი მთავრობა მოითხოვს, რომ მან სახელმწიფო აგარაკი დაცალოს, ცოლი და ცოლისძმა სკანდალს მოაწყობენ, რომლის შესახებ მედია შეიტყობს. სახლი მედიისა და პოლიციის ალყაშია, ფინალში სახლის შტურმი იწყება. სავარძელი გიორგის გაქცევაში ეხმარება, მაგრამ გაუმკლავდება თუ არა ის ძალაუფლების ძლიერ სურვილს, თუ ეს ძალაუფლება გაანადგურებს ყველაფერს, რაც მისთვის ძვირფასია, ჯერჯერობით უცნობია.
საინტერესო ფაქტები: სცენარის ავტორები ელდარ შენგელაია და გიორგი ცხვედიანი. ოპერატორი — გორკა გომეს ანდრესი. მხატვარი — გოგი მიქელაძე, კომპოზიტორი — იოსებ ბარდანაშვილი.
გასული კვირიდან თბილისის ეკრანებზე გამოვიდა სტივენ კინგის რომანის მიხედვით გადაღებული ამერიკული საშინელებათა ფილმი "ის"(IT), კომედიურო ფილმი "უიღბლო ლოგანები"(Logan Lucky) და დრამატული კომედიური ფილმი "ბავშვები სახლში არიან"(Home Again) რიზ უიზერსპუნით მთავარ როლში.
თბილისის კინოთეატრებშია ასევე სუპერგმირული ფილმი ზეადამიანების სამეფო რასაზე "ზეადამიანები"(Inhumans), რეჟისორ რემ კერისის ფრანგული რომანტიკული კომედია "საქმრო ორისთვის" (Jour J), რეჟისორ ტომი ვირკოლას ფილმი "შვიდი და"(Seven Sisters), რეჟისორ ჯასტინ ჩადვიკის ბრიტანულ-ამერიკული დრამა "ტიტების სურნელი" (Tulip Fever) და ამერიკული კომედიური ბოევიკი "ბეიბი დრაივერი" (Baby Driver).
თბილისის კინოთეატრებში უქმეებზე კვლავ ნახავთ პატრიკ ჰიუზის კომედიური ბოევიკს "ქილერის მცველი" (The Hitman's Bodyguard) რაიან რეინოლდსისა და სემუელ ელ ჯექსონის მონაწილეობით, შვედი რეჟისორის, დევიდ სანდბერგის საშინელებათა ფილმს "ანაბელის წყევლა: დასაწყისი" და კრისტოფერ ნოლანის სამხედრო დრამას "დიუნკერკი".
მულტფილმები ბავშვებისათვის — ანიმაციური ფილმი "ძარცვა ციყვურად" (The Nut Job 2: Nutty by Nature), ამერიკული კომედიური ფილმი "EMOJI სმაილები კინოში"(The Emoji Movie) და "საზიზღარი მე 3"(Despicable Me 3).
სასიამოვნო კინოჩვენებას გისურვებთ!