თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. ფუტსალში საქართველოს ნაკრებმა ქალაქ დევაში გამართული 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის პირველ მატჩში რუმინეთთან შეხვედრა ფრედ დაასრულა — 2:2.
ტრიბუნებიდან ზეწოლის მიუხედავად, ქართველი ფეხბურთელები შეხვედრის დასაწყისიდანვე აქტიურები იყვნენ და უპირატესობას დაეუფლნენ. მე-10 წუთზე ანგარიში ნიკა კურტანიძემ გახსნა.
მეორე გოლი ქართველებმა 5 წუთის შემდეგ გაიტანეს. მისი ავტორი მურთაზ კაკაბაძე გახდა.
შესვენების შემდეგ რუმინელებმა თამაშს მოუმატეს და ორი სწრაფი გოლის გატანა შეძლეს. 50 წამის ინტერვალით დუბლი სავიომ გააფორმა.
დარჩენილ დროში ორივე გუნდს გამარჯვების შანსები ჰქონდა, მაგრამ ანგარიში არ შეცვლილა.
საპასუხო თამაში თბილისში 26 სექტემბერს „ოლიმპიური სოფლის“ დარბაზში გაიმართება.
თუ საქართველოს ნაკრები ნებისმიერი ანგარიშით მოიგებს ან შეხვედრას მინიმალურ ფრედ დაასრულებს (1:1 ან 0:0), ამ შემთხვევაში ავთანდილ ასათიანის აღსაზრდელები პირველად ითამაშებენ კონტინენტური პირველობის ფინალურ სტადიაში.
ფუტსალში ევროპის ჩემპიონატი სლოვენიაში მომავალი წლის 30 იანვარს დაიწყება და 10 თებერვალს დასრულდება. თურნირში 12 საუკეთესი ევროპული ნაკრები მიიღებს მონაწილეობას.