თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. საბჭოთა ბელადის, იოსებ სტალინის 3D ფორმატის გამოსახულება მის მშობლიურ ქალაქ გორში ერთ-ერთი სასტუმროს შესასვლელ კარებზე გაჩნდა.
თეთრ კიტელში გამოწყობილი, სავარძელში მჯდომი სტალინი სასტუმროს პანორამულ ფანჯარაზე გამოსახეს. 3D-ბელადი ადგილობრივი მოსახლეობის, ტურისტებისა და ჟურნალისტების ყურადღებას იპყრობს.
„გამოსახულება ახლახანს დააყენეს. ტურისტებს ძალიან მოსწონთ, ფოტოებს იღებენ. ყველა აღფრთოვანებას გამოხატავს“, — განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ სასტუმროს ბუღალტერმა მარეხი ქაფიანიძემ.
ქალაქ გორში იოსებ სტალინის სახელმწიფო მუზეუმი მდებარეობს, რომლის მიმართ ტურისტების ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება.
მუზეუმი 1957 წელს სტალინის გარდაცვალების შემდეგ გაიხსნა. თუმცა სახლში, რომელშიც ის დაიბადა, მემორიალური მუზეუმი ჯერ კიდევ 1937 წელს გაიხსნა.
გორში სტალინის ძეგლის დემონტაჟი მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს 2010 წლის ივნისში განხორციელდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ძეგლს ახალ ადგილზე, სტალინის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე დაამონტაჟებდნენ. გორში სტალინის ძეგლის აღდგენის რამდენიმე მცდელობა იყო, თუმცა ამ ინიციატივას გორის საკრებულოს დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს.