აშშ-ში 11 სექტემბერს მომხდარმა ტერაქტებმა მთელი მსოფლიო შეძრა თავისი მასშტაბურობითა და მსხვერპლთა სიმრავლით. იხილეთ ტრაგიკული მოვლენების ფოტოები.
ტრაგიკული თარიღი აშშ-ის ისტორიაში წერია როგორც 9/11 — 2001 წელს, ამ დღეს შეერთებულ შტატებზე "ალ-ქაიდას" თვითმკვლელმა ტერორისტებმა ოთხი კოორდინირებული შეტევა განახორციელეს. ეს მასშტაბური ტერაქტი დღემდე ყველაზე მასშტაბურია კაცობრიობის ისტორიაში. ტერორისტული შეტევების შედეგად დაიღუპა 2977 ადამიანი, 24 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულადაა გამოცხადებული.
11 სექტემბრის დილას ტერორისტთა ოთხმა ჯგუფმა, საერთო ჯამში ცხრამეტმა ადამიანმა, ოთხი სამგზავრო ავიალაინერი გაიტაცა.
თვითმკლელებმა ორი თვითმფრინავი მიმართეს მსოფლიოს სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებისკენ, რომლებიც მანჰეტენის სამხრეთ ნაწილში იყო განთავსებული. რეისი 11 American Airlines შეეჯახა ჩრდილოეთის მხარეს მდგომ ცათამბჯენს, ჩვიდმეტი წუთის შემდეგ კი რეისი 175 United Airlines სამხრეთის შენობას. ამის შედეგად ცათამბჯენები დაინგრა, რამაც დიდი ზიანი მიაყენე ახლოს მდებარე შენობებს.
მესამე თვითმფრინავი (რეისი 77 American Airlines) პენტაგონის შენობის მიმართულებით მიფრინავდა. მეოთხე ავიალაინერის (რეისი 93 United Airlines) ეკიპაჟის წევრებმა და მგზავრებმა თვითმფრინავის მართვის ხელში ჩაგდება სცადეს. შედეგად თვითმფრინავი, რომლითაც ტერორისტებს თეთრ სახლზე ან კაპიტოლიუმზე სურდათ თავდასხმა, პენსილვანიის შტატის ქალაქ შანკსვილთან ახლოს მინდორში ჩამოვარდა.