თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ფრანგი კომპოზიტორი, მუსიკოსი, პროფესორი და ლიტვის სახელმწიფოს საპატიო კონსული მიშელ სონი ღირსების ორდენით დააჯილდოვა, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაჯილდოების ცერემონია დღეს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.
მიშელ სონი ღირსების ორდენით საქართველოში ახალგაზრდა ქართველი პიანისტების პროფესიული განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დაჯილდოვდა.
კომპოზიტორს ღირსების ორდენი თავად პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გადასცა.
"ჩემთვის დიდი პატივია ეს ჯილდო, რადგან მე ძალიან მიყვარს საქართველო. ეს ქვეყანა 20 წლის წინ აღმოვაჩინე და ყველაფერი გავაკეთე, რომ ქართველი ხელოვანები და საქართველო გამეცნო ევროპისთვის. ხელი შევუწყე ახალგაზრდა მუსიკოსებს განვითარებაში, მე დღეს ჩემი ფონდის "სოს ტალანტის" დახმარებით ვაგრძელებ იგივე საქმიანობას", — განაცხადა მიშელ სონიმ.
პრეზიდენტის სასახლეში დაჯილდოების ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები და ცნობილი ქართველი პიანისტი ელისო ბოლქვაძე ესწრებოდნენ.
მიშელ სონი თბილისს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ქართველი პიანისტებისათვის მასტერ-კლასების ჩასატარებლად ეწვია.