თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გორში, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში კურსდამთავრებულთა ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ფიცი თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის საბაკალავრო კურსის 84-მა და ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის ექვსმა კურსდამთავრებულმა დადო.
მარგველაშვილმა სამშობლოს სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა ეროვნული თავდაცვის აკადემიის კურსდამთავრებულებს და აღნიშნა, რომ ქართველმა ჯარისკაცებმა ერთგულება ქართულ სახელმწიფოს და დროშას შეჰფიცეს.
„ეს დროშა თქვენ ხელში მოგცეს საქართველოს მოქალაქეებმა. თქვენ ემსახურებით თითოეულ მოქალაქეს, ვინც თავის დაცულობას თქვენ თავგანწირვაში და თავდადებაში ხედავს… როდესაც იცავთ ჩვენს სახელმწიფოს, თქვენ იცავთ იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენი იმედით აშენებენ მომავალ საქართველოს", — განაცხადა მარგველაშვილმა.
გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მომხდარ აფეთქებასა და სამშვიდობო მისია "მტკიცე მხარდაჭერაში" მონაწილე სამ დაჭრილ ქართველზე ისაუბრა.
„გუშინ ჩვენ მოგვაყენეს დარტყმა. მტერმა დაჭრა ჩვენი სამი თანამებრძოლი ავღანეთში. ამ ამბის პირველივე წუთებიდან გაგების შემდეგ ჩვენ მათ ჯანმრთელობაზე ვფიქრობთ“, — აღნიშნა მარგველაშვილმა.
ქართველი სამხედროები ბაგრამის საავიაციო ბაზის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობენ.
ნატოს სამშვიდობო მისია "მტკიცე მხარდაჭერა" (Resolute Support) ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. 2015 წლის დასაწყისში ქაბულში, ყანდაგარში, გერათში, მაზარი-შარიფში 12 000 სამხედრო განთავსდა. ქართული მხრიდან მისიაში 870 სამხედრო მონაწილეობს.