თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. შავი ზღვის რეგიონის დაინტერესებული მხარეების რიგით მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია ე.წ. ლურჯი ეკონომიკის საკითხებზე ბათუმში 15 სექტემბერს დაიწყება, აღნიშნულია ევროკომისიის ვებ-გვერდზე.
კონფერენციის მთავარი თემებია: ცოდნის გაღრმავება ზღვის შესახებ, ზღვის კარიერის უზრუნველყოფა, საზღვაო პროექტების დაფინანსებისთვის წყაროებისა და მათ შესასრულებლად — პარტნიორების მოძიება.
კონფერენცია შედგება პანელებისგან: "ლურჯი ეკონომიკის" კონკურენტუნარიანობის ამაღლება, ზღვის გადარჩენა, ზღვის "ჭკვიანი" ინფრასტრუქტურა და შავი ზღვის ეკოლოგიური მონიტორინგის გაუმჯობესების გზები.
ღონისძიების მსვლელობისას ასევე განიხილავენ ბუქარესტის დეკლარაციის ("მაღალი დონის კონფერენცია შავ ზღვაში თევზჭერისა და აკვაკულტურის სფეროში თანამშრომლობის განვითარების შესახებ") განხორციელების საკითხს. დეკლარაცია 2016 წლის ოქტომბერში მიიღეს. დეკლარაციას თან ერთვის ექსპერტების რეკომენდაციები მრგვალი მაგიდების შედეგების მიხედვით.
კონფერენცია ერთ დღეს გაგრძელდება. მას გახსნის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი. ქართულ მხარეს ასევე წარმოადგენს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ბულგარეთის, მოლდოვის, რუსეთის, რუმინეთის, საბერძნეთის, იტალიის, ბელარუსის ხელისუფლებებისა და სამეცნიერო დაწესებულებების წარმომადგენლები.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან ევროკომისია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროები.
ლურჯი ეკონომიკა — ეს არის საზღვაო სექტორში მდგრადი განვითარების მხარდაჭერის მიზნით გრძელვადიანი სტრატეგია. აქ აღიარებულია, რომ ზღვები და ოკეანეები ევროპული ეკონომიკის მამოძრავებელია ინოვაციებისა და ზრდის უზარმაზარი პოტენციალით.
შავი ზღვის დაინტერესებულ მხარეთა კონფერენციები მანამდე ჩატარდა ბუქარესტში (2014), სოფიაში (2015), ოდესაში (2015).