თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. სერჟანტ გიორგი წიქარიშვილსა და პირველი კლასის რიგითს ირაკლი კუჭუხიძეს, რომლებიც ავღანეთში ბაგრამის ავიაბაზაზე თვითმკვლელის თავდასხმის შედეგად დაიჭრნენ, მკურნალობის გასაგრძელებლად გერმანიაში გადაიყვანენ, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
სამშვიდობო მისია „მტკიცე მხარდაჭერის" მონაწილე ქართველი სამხედროები გუშინ ტერორისტული აქტის შედეგად დაშავდნენ. წიქარიშვილისა და კუჭუხიძის გარდა, დაჭრილია უფროსი ლეიტენანტი ივერი ბუაძე. მის მდგომარეობას ექიმები აფასებენ როგორც სტაბილურად მძიმეს.
„ერთი სამხედრო მოსამსახურის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას ჩაუტარდა ოპერაცია, დღესაც იგეგმება მორიგი ოპერაციის ჩატარება. აუცილებლობის შემთხვევაში, ყველანაირი პირობაა იმისთვის, რომ მოხდეს მისი ტრანსპორტირება გერმანიაში შემდგომი მკურნალობის გაგრძელების მიზნით. რაც შეეხება ორ სამხედრო მოსამსახურეს, მათი მდგომარეობა შეგვიძლია შევაფასოთ, რომ არის დამაკმაყოფილებელი", — განუცხადა ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.
ამასთან, ექიმების თქმით, ბუაძის მკურნალობის პროცესში პოზიტიური დინამიკა შეინიშნება.
ნატოს სამშვიდობო მისია „მტკიცე მხარდაჭერა" (Resolute Support) ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. 2015 წლის დასაწყისში ქაბულში, ყანდაგარში, გერათში, მაზარი-შარიფში 12 000 სამხედრო განთავსდა. ქართული მხრიდან მისიაში 870 სამხედრო მონაწილეობს.