თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ მსოფლიო თანამეგობრობას მიანმაში კონფლიქტზე რეაგირებისკენ მოუწოდა და ამ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს მუსლიმების გენოციდი უწოდა.
მიანმის სამხედრო და უშიშრო0ების ძალები აგვისტოს ბოლოდან რაქჰაინის შტატში ისლამისტი როჰინჯა ბოევიკების წინააღმდეგ ოპერაციას ატარებენ. ამ ხალხის წარმომადგენლებს, ეთნიკურად ბენგალელებს, მიანმაში ბანგლადეშიდან ჩასულ არალეგალ მიგრანტებად მიიჩნევენ და მათ უმეტესობა მოქალაქეობის მინიჭებაზე უარს ეუბნებიან. მიანმის მასმედიაში ისლამისტ ბოევიკებს "ბენგალელ ტერორისტებს" უწოდებენ.
ისლამისტი ბოევიკების წინააღმდეგ ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც როჰინჯა ბოევიკებმა 25 აგვისტოს რაქჰაინის შტატში კოორდინირებულად შეუტიეს პოლიციის რამდენიმე საგუშაგოს და ჯარის ყაზარმებს. მასმედიაში თვითმხილველებზე დაყრდნობით წერენ, რომ არმია განსაკუთრებულ სისასტიკეს იჩენს: მუსლიმურ სოფლებს წვავენ, იქ მცხოვრებლებს ხოცავენ, არ ინდობენ არც ქალებს და არც ბავშვებს. გლობალურ ქსელში ვრცელდება საშინელი ვიდეო მოვლენების ადგილიდან. ბოლო მონაცემებით, შეტაკებებისას დაიღუპა სულ ცოტა 400 ადამიანი, 123 ათასზე მეტი ბანგლადეშში გაიქცა.
"დიახ, ეს უდავო გენოციდი და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი უდიდესი დანაშაულია. დიადმა ღმერთმა დაიფაროს მთელი სამყარო მსგავსი სისასტიკის, ყოველგვარი უბედურებისა და განსაცდელისგან", — ნათქვამია საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს განცხადებაში Facebook-გვერდზე.
ორგანიზაციამ სოლიდარობა გამოუცხადა არაქანის მოსახლეობას.
"ისლამი თავისი არსიდან გამომდინარე მშვიდობისა და კაცთმოყვარეობის მიმართულებით სანიმუშო რელიგიაა. სამყაროში ადამიანს გააჩნია სიცოცხლის უფლება, რომლის ხელყოფა ყოვლად დაუშვებელია, განურჩევლად ეროვნების, რასის, კანის ფერისა და აღმსარებლობისა… ადამიანის სადისტური წამებისა და დასჯის ბირმა-არაქანისეულ ფორმას დაუყოვნებლივ წინ უნდა აღუდგეს მსოფლიო და ყოველ ღონეს უნდა მიმართოს მისი აღკევთის საქმეში", — ნათქვამია განცხადებაში.
როჰინჯები ეთნიკურად ბენგალელი მუსლიმები არიან, რომლებიც არაქანში XIX და XX საუკუნის დასაწყისში ბრიტანეთის კოლონიალურმა ხელისუფლებამ გადაასახლა. ისინი რაქჰაინის შტატში რაოდენობრივად უმრავლესობას წარმოადგენენ, თუმცა მათგან ძალიან ცოტას აქვს მიანმის მოქალაქეობა.
შტატში როჰინჯებსა და ბუდისტებს შორის დაპირისპირება მრავალი ათწლეულია მიმდინარეობს.
მე-20 საუკუნეში როჰინჯებსა და არაკანელებს შორის შეტაკებები მეორე მსოფლიო ომის დროს, რაქჰაინის შტატიდან ბრიტანელების გასვლის შემდეგ დაიწყო.
ომის შემდეგ, როჰინჯები მიანმარისგან დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ. 1962 წელს მიანმის ხელისუფლებაში სამხედროები მოვიდნენ და როჰინჯების დევნას ოფიციალური სახე მიეცა. 1982 წელს სახელმწიფომ უარი თქვა როჰინჯების მოქალაქეებად აღიარებაზე და უცხოელებად გამოაცხადა.