სტივენ კინგის „ის" და კინო თბილისში: რა ვნახოთ 7-10 სექტემბერს

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ერთ-ერთ კინოთეატრში
თბილისის ერთ-ერთ კინოთეატრში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტივენ კინგის ბავშვობისდროინდელი კოშმარების პერსონაჟი, საშიში ჯამბაზი, ლუზერი-ლოგანები და მშვენიერი რიზ უიზერსპუნი - „Sputnik-საქართველო“ განაგრძობს ყველაზე ცხელი კინოპრემიერებისა და საინტერესო ფილმების ტრადიციულ მიმოხილვას, რომელთა გამოტოვებაც არ ღირს.

7 სექტემბრიდან თბილისის კინოთეატრებში შეგიძლიათ ნახოთ:

„ის“(IT) — სტივენ კინგის რომანის მიხედვით ანდრეს მუსკეტის მიერ გადაღებული ამერიკული საშინელებათა ფილმი. ფილმი ეფუძნება წიგნის „ის“ პირველ ნაწილს („უიღბლოთა კლუბი“). ეს ნაწილი მოგვითხრობს შვიდ ბავშვზე, რომლებსაც ატერორებს უცნობი არსება, რომელიც საკუთარ ძალას შიშის, სიძულვილისა და იმედგაცრუებიდან იღებს. როდესაც შტატ მენის ქალაქ დერიში ბავშვების გაუჩინარება დაიწყება, რამდენიმე ბავშვი საკუთარ ყველაზე დიდ შიშს გადაეყრება და მოუწევთ გამკლავება ბოროტ ჯამბაზ პენივაიზთან, რომლის სისასტიკის გამოვლინება და მსხვერპლთა ნუსხა საუკუნეების მიღმა იკარგება. მთავარ როლებში: ბილ სკარსგარდი, ფინ ბულფარდი, ჰავიერ ბოტეტი, სოფია ლილისი.

საინტერესო ფაქტები: რომანის დაბოლოება არაერთმნიშვნელოვანია და ბოლომდე გაურკვეველი რჩება, ცოცხალია თუ არა „ის“. სტივენ კინგმა დაიფიცა, რომ აღარასდროს დაწერს პენივაიზის შესახებ, რადგან ეს პერსონაჟი მისთვისაც ძალიან საშიშია. ფილმის პრემიერა დაემთხვა სატელევიზიო ფილმ-ორიგინალის გამოსვლის 27 წლისთავს. წიგნში ნათქვამია, რომ "ის" დერიში ყოველ 27 წელს ბრუნდება. ორიგინალურ ფილმში ბილის როლი შეასრულა ჯონატან ბრენდისმა, რომელიც 27 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„უიღბლო ლოგანები“(Logan Lucky) — რეჟისორ სტივენ სოდერბერგის ამერიკული კომედიურო ფილმი. ფილმი ორი ძმის შესახებ მოგვითხრობს — ჯიმი და კლაიდზე, ასევე მათი დის მელიზის შესახებ. მას შემდეგ, რაც ჯიმის სამსახურიდან დაითხოვენ, ის ფულის შოვნისა და ახალი ცხოვრების დაწყების გეგმას შეიმუშავებს. ჩრდილოეთ კაროლინას შტატში, შარლოტ მოტორ სპიდვეის ტრეკზე წლის უდიდესი რბოლა Coca-Cola 600 ტარდება, რომელზეც ის ურთულეს ძარცვას გეგმავს. ჩანაფიქრის შესასრულებლად გამოცდილი ადამიანების გუნდი სჭირდებათ, ერთ-ერთი მათგანია ჯო ბაბახი — მის გარეშე ბანკის საცავში მოხვედრას ისინი ვერ შეძლებენ. მაგრამ საქმე ისაა, რომ ჯო ციხეშია… მთავარ როლებში: დენიელ კრეიგი, ჩენინგ ტატუმი, ადამ დრაივერი, სეტ მაკფარლეინი, სებასტიან სტენი

საინტერესო ფაქტები: თავდაპირველად ფილმში მთავარი როლები უნდა შეესრულებინათ მაიკლ შენონსა და მეთ დეიმონს, მაგრამ სამუშაო განრიგების შეუთანხმებლობის გამო მათ პროექტი დატოვეს. ფილმისთვის დენიელ კრეიგმა თმა ქერად შეიღება.

„ბავშვები სახლში არიან“(Home Again) — რეჟისორ ჰოლი მეიერს-შაიერის ამერიკული დრამატული კომედიური ფილმი. მთავარ როლში — რიზ იუზერსპუნი. ელის კინი — მარტოხელა დედა ლოს-ანჯელესიდან. ის 40 წლის არის და ორ ქალიშვილს ზრდის. ქმართან დაშორებიდან ნახევარი წელი გავიდა და საკუთარ დაბადების დღეზე ელისმა „აიშვა“. შედეგად მის გვერდით სამი ახალგაზრდა და ლამაზი თაყვანისმცემელი ჩნდება, რომელბსაც ელისი საკუთარ სახლში ცხოვრებას შესთავაზებს. ამ დღიდან ელისის ცხოვრება ახალ ელფერს შეიძენს. მალე კიდევ ერთი მოულოდნელი მოვლენა ხდება — მისი ყოფილი ქმარი მასთან დაბრუნებას გადაწყვეტს. მთავარ როლებში: რიზ უიზერსპუნი, ლეიკ ბელი, მაიკლ შინი, ლოლა ფლენერი, ნატ ბულფი.

საინტერესო ფაქტები: პროდიუსერი ნენსი მეიერსი, ამ ფილმის რეჟისორისა და სცენარისტის ჰოლი მეიერს-შაიერის დედა რიზ უიზერსპუნს მთავარ როლს ფილმ "სტაჟიორში" სთავაზობდა, მაგრამ მსახიობმა უარი თქვა. სწორედ ნენსის წყალობით ფილმ Home Again-ის სცენარი უიზერსპუნის ხელში მოხვდა.

გასული კვირიდან თბილისის ეკრანებზე გამოვიდა სუპერგმირული ფილმი ზეადამიანების სამეფო რასაზე „ზეადამიანები“(Inhumans), რეჟისორ რემ კერისის ფრანგული რომანტიკული კომედია „საქმრო ორისთვის“ (Jour J) და რეჟისორ ტომი ვირკოლას ფილმი „შვიდი და“(Seven Sisters).

ასევე თბილისის კინოთეატრებში — რეჟისორ ჯასტინ ჩადვიკის ბრიტანულ-ამერიკული დრამა „ტიტების სურნელი“, რეჟისორ ედგარ რაიტის ამერიკული კომედიური ბოევიკი „ბეიბი დრაივერი“, პატრიკ ჰიუზის კომედიური ბოევიკი „ქილერის მცველი“ (The Hitman's Bodyguard) რაიან რეინოლდსისა და სემუელ ელ ჯექსონის მონაწილეობით, შვედი რეჟისორის, დევიდ სანდბერგის საშინელებათა ფილმი „ანაბელის წყევლა: დასაწყისი“, ლიუკ ბესონის ფანტასტიკური ფილმი „ვალერიანი და ათასი პლანეტის ქალაქი“ და კრისტოფერ ნოლანის სამხედრო დრამა „დიუნკერკი“.

მულტფილმები ბავშვებისათვის — ანიმაციური ფილმი „ძარცვა ციყვურად“ (The Nut Job 2: Nutty by Nature, ამერიკული კომედიური ფილმი „EMOJI სმაილები კინოში“ და „საზიზღარი მე 3“.

სასიამოვნო კინოჩვენებას გისურვებთ!

 

ყველა ახალი ამბავი
0