თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. წარმატებული ქართველი დიზაინერი მარიამ გვასალია ლეიკემიის მძიმე ფორმას ებრძვის, ამის შესახებ დიზაინერმა Instagram-ზედაწერა.
მარიამმა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ის ცეკვავს და ერთობა. მისი სიტყვებით, აღნიშნული ვიდეო ავადმყოფობამდე ერთი თვით ადრეა გადაღებული, თუმცა, იგი თავს შეუძლოდ მაშინაც გრძნობდა.
„ამ ვიდეოს ვდებ არა იმიტომ, რომ განახოთ, როგორი ბედნიერი ვარ, როგორია ჩემი ყვითელი კაბა ან კიდევ ბევრი სხვა მიზეზი რის გამოც ვაზიარებთ ხოლმე. ეს ხდება ჩემი დაავადების (განკურნებადია — ესააა მთავარი…) გაგებამდე დაახლოებით 1 თვით ადრე…. თურმე, არ ვიცოდი რომ მქონდა უკვე მწვავე ლეიკემია. ნურაფერი შეგაშინებთ, აქაც ბევრი რამ მაწუხებდა და არ ვუტყდებოდი თავს რომ გამერკვია მიზეზი, ამაში არ მომბაძოთ! ცუდია…მოკლედ… მინდა გითხრათ, მოგმართოთ, გთხოვოთ თუ გირჩიოთ არ გაიფუჭოთ ხასიათი, არ დანებდეთ არ მისცეთ არაფერს საშუალება მოგერიოთ. იბრძოლეთ!!! და კიდევ დიდი მადლობა ამდენი სიყვარულისთვის", — დაწერა გვასალიამ.
დიზაინერის სიტყვებით, მისთვის მთავარი მხარდაჭერა, სიყვარული და დადებითი ენერგიაა, რომელსაც ყოველდღიურად გრძნობს როგორც ნაცნობებისგან, ისე უცნობი ადამიანებისგან.
„თქვენ მე ბრძოლის დიდი ძალა მომეცით… არ ვიცოდი, რომ ამდენ ადამიანს ვუყვარდი და მადლობა, რომ ეს გამაგებინეთ… თქვენ ბედნიერება მაჩუქეთ“, — აღნიშნა გვასალიამ.
25 წლის დიზაინერის მიერ შექმნილი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ვენეციის ერთ-ერთი უძველეს მაღაზია Al Duca d"Aosta-ში ისეთი ბრენდების გვერდით იყიდება, როგორიცაა Valentino, Salvatore Ferragamo, Stella Mc Cartney, Michael Kors-ი, Givenchy, Gucci, D K N Y, Fendi, Chloe, Celine, Alexander Mcqueen-ი, Bulgari, Burberry.
ადრე გვასალიამ „Sputnik საქართველოსთვის" მიცემულ ინტერვიუში სამომავლო გეგმებზე, ახალ კოლექციებსა და სტილზე ისაუბრა.
გვასალიამ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დაამთავრა, შემდეგ სწავლობდა მილანში, პრაქტიკა კი ესპანეთში გაიარა. დიზაინერი მიიჩნევს, რომ Tbilisi fashion week არა მარტო ლამაზი, არამედ საქართველოში მოდის სამყაროში მნიშვნელოვანი და საჭირო ღონისძიებაა, რადგანაც ის ახალგაზრდა და ნიჭიერი დიზაინერებისთვის ნამდვილ ტრამპლინს წარმოადგენს.
„Sputnik საქართველო" მარიამ გამოჯანმრთელებას უსურვებს.