ხანძრები საქართველოში - ბოლო ცნობები

გამოწერა
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ხანძრებს ასობით მეხანძრე და ავიაცია ებრძვის.

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ხანძართან ბრძოლას განაგრძობენ — სოფელ ხახაბოში და კოხტას მთაზე, ასევე შავნაბადას ტყეში სოფელ მეკეიძეებთან.

ბოლო მონაცემებით, ხახაბოში ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია, თუმცა, ცეცხლის საბოლოო ლიკვიდაციისთვის, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე დღეა საჭირო.

მეხანძრე-მაშველები, რეინჯერები და მოხალისეები ტყეში სახანძრო მანქანების გარეშე, ცეცხლმაქრებითა და სამუშაო იარაღებით მუშაობენ. ცეცხლმა წიწვოვან ტყეში დაახლოებით 20 ჰექტარი მიწა გაანადგურა. სპეციალისტების თქმით, ტყის ძირითადი ნაწილი არ დაშავებულა, ძირითადად, ბალახი დაიწვა.

ხანძარი მთაწმინდაზე - Sputnik საქართველო
ვინ აჩენს ხანძრებს?

"საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების თავდაუზოგავი შრომის შედეგად ყველა ლოკაციაზე შეიმჩნევა მდგომარეობის გაუმჯობესება", — განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ სირაძემ ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში

ამ დროისთვის გრძელდება ცეცხლის ლოკალიზებაზე მუშაობა ხულოს რაიონის შავნაბადას მთაზე. დილიდან სპეციალისტებს გაჰყავთ გზა, რათა მძიმე ტექნიკამ ხანძრის კერებთან მიახლოება შეძლოს.

ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობს 500-მდე მეხანძრე, სავარაუდოდ, ჩაერთვება ავიაცია. ამჟამად ადგილზე დიდი დაკვამლიანებაა, რის გამოც ღია კერების აღმოჩენა ვერ ხერხდება.

"ვფიქრობ, დღის მეორე ნახევარში ჩვენ უკვე გვექნება უკვე კარგი სურათი. ამავდროულად, გუშინ ღამე ჩვენ გვქონდა მოლაპარაკება თურქულ მხარესთან და დიდი ალბათობით, თურქეთიდან დამატებით შემოფრინდება მეორე ვერტმფრენიც", — განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა ზურაბ პატარაძემ.

კახეთში სტიქიას უკვე მეოთხე დღეა ებრძვიან. დილიდან, ამინდის გაუარესების გამო, კოხტას მთაზე ვერტმფრენის ჩართვა ვერ მოხერხდა.

მთაზე კვლავ რჩება ხანძრის ოთხი კერა, ადგილზე მობილიზებული არიან მეხანძრე-მაშველები.

"ალბათ, ცოტა ხანი ვერტმფრენებს მუშაობის საშუალება არ ექნებათ, დაკვამლიანებისა და ნისლის გამო. ნისლი თავისთავად კარგი არის, რადგან ის ტენის შემცველობასაც ნიშნავს ამავდროულად. ასე რომ, ართანის მიმართულებაზე ჩვენ სტაბილური, აბსოლუტურად კონტროლის ქვეშ მყოფი სიტუაცია გვაქვს", — განაცხადა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

საქართველო 2017 წლის ზაფხულში ხანძრების სერიამ მოიცვა. განსაკუთრებით გახშირდა ტყის ხანძრები აგვისტოში. ყველაზე დიდი ხანძარი ბორჯომის ხეობაში მოხდა, რომლის დროსაც 100 ჰექტარზე მეტი ტყის ფართობი დაიწვა.

ყველა ახალი ამბავი
0