თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ პეკინის გამზირზე სარემონტო სამუშაოების ბოლო ეტაპი იწყება. ამის გამო სამშაბათს მოძრაობა პეკინზე მთლიანად გადაიკეტება, აღნიშნულია დედაქალაქის მერიის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
მომდევნო ორი დღის განმავლობაში დაიგება გზის ზედა, საბოლოო ფენა და დასრულდება საავტომობილო გზაზე მიმდინარე სამუშაოები. ამასთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 5 სექტემბრის 08:00 საათიდან 22:00 საათამდე სრულად ჩაიკეტება პეკინის ქუჩა — ანა კალანდაძის (ყოფილი ბულაჩაურის) ქუჩიდან ცინცაძის (ყოფილი საბურთალოს) ქუჩის კვეთამდე.
მერია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ჩაიკეტება ეზოებიდან გამოსასვლელებიც. ანა კალანდაძისა და ცინცაძის ქუჩებზე მოძრაობა არ შეიზღუდება.
გარდა ამისა, 5 სექტემბრის 22:00 საათიდან 6 სექტემბრის 08:00 საათამდე ჩაიკეტება ცინცაძის ქუჩიდან მიროტაძის ქუჩის ჩათვლით მონაკვეთი და აღნიშნულ მონაკვეთზე მდებარე შიდა ეზოების შესასვლელები.
პეკინის გამზირზე სარემონტო სამუშაოები, რაც 60 წელია არ ჩატარებულა, 16 ივნისს დაიწყო და სექტემბერში დასრულდება.