თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ სასწავლო წლის დაწყების წინ მშობლებს რამდენიმე რეკომენდაცია მისცა.
„შემოდგომაზე, როდესაც ბავშვები სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ბრუნდებიან, აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა წითურა და ჩუტყვავილა. პროფილაქტიკის მიზნით მშობლებმა უნდა შეამოწმონ, გაუკეთდა თუ არა ბავშვს აცრები“, — ციტირებს საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия პაატა იმნაძეს.
გარდა ამისა, ინფექციონისტის თქმით, აუცილებელია ბავშვს გაუკეთდეს ყველა გეგმიური აცრა.
იმნაძემ აღნიშნა, რომ შემოდგომაზე ხშირად გვხვდება ე.წ. საზაფხულო ინფექციური დაავადებები: ნაწლავების, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები, რომლებსაც ჰიგიენის უგულებელყოფა იწვევს. ამიტომ პრევენციის მიზნით აუცილებელია ხელების ხშირი დაბანა.