თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, უწყების მიზანია, რომ ბავშვების ყურადღება ჯანსაღ საკვებზე გადაერთოს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხი.
მინისტრის განცხადებით, ვაშლების სკოლებში დარიგების პროცესი სექტემბერში ამოქმედდება.
„ეს არის ჩვენი ჯანსაღი ცხოვრების კამპანიის ნაწილი და შესაბამისად, სექტემბრიდან დაწყებული დეკემბრამდე, მართლაც, თბილისის ზოგ მსხვილ სკოლაში კვირაში ერთხელ ასეთი კამპანია გვექნება. ჩვენი მიზანია, ბავშვების ყურადღება სასუსნავებიდან და შაქრიანი სასმელებიდან ჯანსაღ საკვებზე გადავიტანოთ“, — განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
შეგახსენებთ: საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წლიდან ბუფეტებში არაჯანსაღი პროდუქტის გაყიდვა იკრძალება. გარდა საღეჭი რეზინის, კანფეტის, შოკოლადისა თუ ჩიფსებისა, ასევე აიკრძალება მაიონეზით შეზავებული კერძების, სოკოს, დაკონსერვებული პროდუქტების, კრემიანი საკონდიტრო ნაწარმის, თერმულად დაუმუშავებელი კვერცხის, გაზიანი სასმელების გაყიდვა — გარდა მინერალური წყლისა.