თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 79 წლის მწვრთნელ ლევ სარქისოვთან ერთად გუდაურის მახლობლად უსახელო მწვერვალზე ავიდა, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციის სახელი მიენიჭება, ნათქვამია პრეზიდენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ლევ სარქისოვი არაერთი ქართველი ალპინისტის მასწავლებელია.
მწვერვალი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა დალაშქრა, 3170 მ სიმაღლისაა.
ექსპედიცია საქართველოს კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით დაიგეგმა, თუმცა ბორჯომის ტყეში მასშტაბური ხანძრის გამო გადაიდო.
„ჩვენი მიზანი იყო, რომ ამ მწვერვალის სახელდება ყოფილიყო დაკავშირებული ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანთან – საქართველოს კონსტიტუციასთან, რომელიც უნდა იყოს ყველას იარაღი, ყველას მიერ გამოყენებული წიგნი. ამიტომ შეირჩა არა განსაკუთრებულად რთული მწვერვალი, არამედ მარტივი… სახელს დავარქმევთ საქართველოს კონსტიტუციას და იმედი მაქვს, რომ ბევრი ალპინისტი, ტურისტი თუ სპორტული ადამიანი, რომელსაც სამთო გამყოლი ეყოლება, აქ ამოვა“, — აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტს ექსპედიციაში თან ახლდნენ ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე.