ბათუმი სტუმრებს მოწყენის საბაბს არ აძლევს. ზღვა, მზე, პლაჟი, ძველი ქალაქი ახალი კაფეებითა და ბარებით, რესტორნებითა თუ დელფინარიუმით…
მოკლედ, ბათუმში სიცოცხლე ჩქეფს.
გასულ უქმეებზე „ბათუმობაც“ გაიმართა, რომელსაც, ადგილობრივების გარდა, ასობით ტურისტიც დაესწრო.
დღესასწაული ძველ ბათუმში, მემედ აბაშიძის სახელობის პროსპექტსა და ევროპის მოედნის ტერიტორიაზე გაიმართა, სადაც ორი დღის განმავლობაში აწყობდნენ მსვლელობას მეკობრეები, მეზღვაურები და სხვა პერსონაჟები. იყო ცეკვა, სიმღერა, ათასგვარი გასართობი, გამოფენა-გაყიდვები და სხვა.
საზეიმო ღონისძიებები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაცემულ გმირთა მემორიალთან ყვავილების მიტანის ცერემონიალით დაიწყო, რომელშიც აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი ზურაბ პატარიძეც მონაწილეობდა.