თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. მამაკაცთა შორის ჭადრაკის მსოფლიო თასის მე-15 გათამაშების გახსნის საზეიმო ცერემონია მთაწმინდაზე გაიმართა.
საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე, ფიდეს წარმომადგენლები და იმ მოჭადრაკეების უმეტესობა, რომლებიც 3 სექტმბრიდან ასპარეზობაში ჩაირთვებიან.
"მსოფლიო თასი თბილისში, რომელშიც პირველად ისტორიაში მსოფლიოს 20 უძლიერესი მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას, მომავალი წლის ბათუმის ჭადრაკის ოლიმიადის ერთგვარ გამოცდად შეიძლება ჩიათვალოს. დარწმუნებული ვარ, რომ ორივე ტურნირი უმაღლეს დონეზე ჩატარდება და ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის შესაბამის შეფასებას დაიმსახურებს", — განაცხადა ხეჩიკაშვილმა ცერემონიაზე.
თბილისის მსოფლიო თასზე 48 ქვეყნის 128 უძლიერესი მოჭადრაკე იასპარეზებს. ფიდეს მსოფლიო თასზე პირველად იასპარეზებს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ნორვეგიელი მაგნუს კარლსენი.
т
კარლსენის გარდა, გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს მე-14 და მე-15 ჩემპიონები — ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი) და ვიში ანანდი (ინდოეთი). ასევე ტურნირში მონაწილეობას მიიღებს რუსეთის წარმომადგენელი სერგეი კარიაკინი — ბაქოს მსოფლიო თასის 2015 წლის გამარჯვებული. თბილისში პიოტრ სვიდლერიც (რუსეთი) ჩამოვა, რომელმაც მსოფლიო თასი 2011 წელს მოიგო.
რაც შეეხება ქართველ მოჭადრაკეებს, საქართველოს წარმომადგენლები არიან: ბაადურ ჯობავა, რომელიც ფიდეს განახლებულ რეიტინგში მე-40 ადგილს იკავებს, მიხეილ მჭედლიშვილი, ლევან ფანცულაია და ნანა ძაგნიძე.