ლაპლანდიაში თეთრ ირმებთან გატარებული საოცარი დღეები და მონასტრული ცხოვრება უკრაინაში

© Photo: courtesy by Medea Demetrashviliმედეა დემეტრაშვილი ვენეციაში
მედეა დემეტრაშვილი ვენეციაში - Sputnik საქართველო
გამოწერა

მედეა დემეტრაშვილი პროფესიით იურისტია. წლების წინ გაეროში მუშაობდა და ხშირად უწევდა სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად უცხო ქვეყანაში გამგზავრება, რის შედეგადაც უამრავი სასიამოვნო მოგონება დაუგროვდა.

ქალბატონი მედეა საკმაოდ ბევრ ქვეყანაშია ნამყოფი, თუმცა ბოლო პერიოდში რელიგიური ტურებით დაინტერესდა და წმინდა ადგილების მოსალოცად ხშირად მიემგზავრება უცხო ქვეყნებში. მისი ვოიაჟი განსხვავებული და ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის საოცნებოა.

— მოგზაურობა ჩემი ცხოვრების ყველაზე ნათელი და ერთადერთი სუსტი წერტილია. მაქვს სამსახური, დატვირთული გრაფიკი, ვემსახურები ოჯახს და წელიწადში ორჯერ მაინც საკუთარ თავს ვაძლევ უფლებას წავიდე სამოგზაუროდ. ეს არის ძალიან დიდი რელაქსი, საუკეთესო ფსიქოლოგიური წამალი.

- როცა სამოგზაუროდ წასვლას გადაწყვეტთ, რა კრიტერიუმებით არჩევთ ქვეყანას, ქალაქს? როგორი ტიპის ქვეყნებს ანიჭებთ უპირატესობს?

© მედეა დემეტრაშვილიკატალონიის მოედანი - მტრედების დაპურების სავალდებულო რიტუალი
კატალონიის მოედანი - მტრედების დაპურების სავალდებულო რიტუალი - Sputnik საქართველო
კატალონიის მოედანი - მტრედების დაპურების სავალდებულო რიტუალი

— თავის დროზე ვმუშაობდი გაეროში. იქ მუშაობის პერიოდში ხშირად მაგზავნიდნენ საზღვარგარეთ. რა თქმა უნდა იქ მე არ ვარჩევდი ტურებს, სამსახური სადაც მაგზავნიდა იქ მივდიოდი. ეს იყო სავალდებულო. რაც შეეხება ჩემი ინიციატივით მოგზაურობას, ერთი პერიოდი სულ დავდიოდი დასასვენებელი, გასართობი ტურებით. სიმართლე გითხრათ, მსგავსი ტურები მომბეზრდა და უფრო ეგზოტიკური ტურიზმის მოტრფიალე გავხდი. მაგალითად, შარშან მე და ჩემი მეგობარი შობის ღამეს ჩავფრინდით ჰელსინკში. იქ 14 იანვრამდე დავრჩით. გადავკვეთეთ ჩრდილოეთ-პოლარული წრე. ვიყავი ფინეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში. შუა ზამთარი იყო, ამ დროს იყო ყინვა — 23 გრადუსი. ასევე ვიყავით ლაპლანდიაში. თეთრი ირმებით ვისეირნეთ და თოვლის ბაბუასაც ჩავეხუტეთ. მართლაც საოცარი მოგზაურობა იყო.

© მედეა დემეტრაშვილის პირადი არქივიმედეა დემეტრაშვილი: კიევის მთავარი მოედანი - კრეშჩატიკი
მედეა დემეტრაშვილი: კიევის მთავარი მოედანი - კრეშჩატიკი - Sputnik საქართველო
მედეა დემეტრაშვილი: კიევის მთავარი მოედანი - კრეშჩატიკი

ბოლო რამდენიმე წელია დავინტერესდი მართლმადიდებლური, რელიგიური ტურებით. მყავს არაჩვეულებრივი, კარგი მეგობრები, რომლებთან ერთადაც ვმოგზაურობ. მაგალითად, მამა მამუკა თავხელიძე და მისი მეუღლე თინიკო გამცემლიძე. ბოლოს მათთან ერთად ვიყავი უკრაინაში და კაბადოკიაში. კაბადოკია ყველამ იცის. მას განსხვავებული დატვირთვა და ენერგეტიკა აქვს. რაც შეეხება უკრაინას, ამ ქვეყანამ ჯერ ემოციურად და მერე ფიზიკურადაც ძალიან გადამღალა, რადგან ცხრა დღის განმავლობაში დავქროდით ყველა მიმართულებით. ვცხოვრობდით მონასტერში, კიევ-პეჩერის ლავრაში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონასტერი მთელ ევროპაში. ევროპას სხვა ასეთი დონის და დატვირთვის მონასტერი არ აქვს. იქ იყო ორი დიდი გამოქვაბული და ამ გამოქვაბულებში იყო 85 უხრწნელი წმინდა ნაწილი, პატარა გამოქვაბულში კი 55 უხრწნელი ნაწილი. გესმით, რამხელა მადლი წამოვიღეთ იქიდან? მთელი მოგზაურობის პერიოდში ვაბარებდით აღსარებას და ვეზიარებოდით. ოდესაში მამათა მონასტერი მოვინახულეთ. მონასტრის არქიმანდრიტი გაოგნდა ჩვენი ოთხ ხმაში გალობით. თუ რაიმე სიწმინდე იყო მონასტერში, ალექსანდრე ნეველის წმინდა ნაწილებიდან დაწყებული, გამოჰქონდა და ვეახლებოდით. ისეთი მიღება მოგვიწყო, რომ გული გაგვითბო. ჩვენც დავპატიჟეთ და ოქტომბერში ეწვევა საქართველოს, მერე ჩვენ გავუმასპინძლდებით მას.

© მედეა დემეტრაშვილიმედეა დემეტრაშვილი: ეს ადგილი, მგონი, ჩვეულებრივ ტურებში არ შედის
მედეა დემეტრაშვილი: ეს ადგილი, მგონი, ჩვეულებრივ ტურებში არ შედის - Sputnik საქართველო
მედეა დემეტრაშვილი: ეს ადგილი, მგონი, ჩვეულებრივ ტურებში არ შედის

ასევე ვიყავით პოჩაევოში, სადაც არის ღვთისმშობლის ნატერფალი. უკრაინაში ძალიან მდიდრული და ძლიერი სამონასტრო კომპლექსები ვნახეთ. სულ მაინტერესებდა სახელმწიფო დოტაციაზე არიან, თუ შემოწირულობებით არსებობენ.

საოცარი იყო გლინსკის უდაბნო, სადაც დაყუდებული ბერები ცხოვრობენ. იქ ცხოვრობდა და წირავდა ეპისკოპოსი სრულიად უკრაინისა. გარიჟრაჟზე, დილის ხუთ საათზე ავდექით და მის ლოცვას ვუსმინეთ. ამის შემდეგ მან ზეთიც გვაცხო და გვაზიარა კიდეც. აქ არის უღრანი ტყე, რომელი კუთხიდან დათვი გამოხტებოდა და რომელი კუთხიდან მგელი, კაცმა არ იცოდა. სწორედ ამ ტყეში იყო ეს მონასტერი. არანაირი პირობები იქ არ იყო. საქართველოდან 23 ადამიანი ვიყავით და გრძელ, ვაგონის მსგავს ადგილას მოგვათავსეს ყველა ერთად. ჩვენს გარშემო უზარმაზარი კოღოები დაფრინავდნენ, მაგრამ არავის არ კბენდნენ.

© მედეა დემეტრაშვილის პირადი არქივიმედეა დემეტრაშვილი: ტყე-პარკი ლიტვაში, სადაც პირველად ვნახე ცხენირემი, ანუ ლოსი
მედეა დემეტრაშვილი: ტყე-პარკი ლიტვაში, სადაც პირველად ვნახე ცხენირემი, ანუ ლოსი - Sputnik საქართველო
მედეა დემეტრაშვილი: ტყე-პარკი ლიტვაში, სადაც პირველად ვნახე ცხენირემი, ანუ ლოსი

- ამ მოგზაურობის პერიოდში ქართველი ბერი თუ შეგხვდათ სადმე?

— ამ ლავრაში იყო ქართული სათვისტომოსთვის გათვალისწინებული პატარა წერტილი, სადაც მოღვაწეობს ქართველი მოძღვარი მამა კახაბერი. ამ უზარმაზარ კომპლექსში ქართველებმა იციან ეს ჩვენი პატარა კუნძული და მთელი ქართველობა, თუ ვინმეა კიევში, იქ მიდიან მოსალოცად.

მინდა გითხრათ, რომ ეს არ იყო დასვენება, ეს იყო დიდი ღვაწლი, დიდი ტვირთი, რადგან ფაქტიურად მონასტრული ტიპიკონით ვცხოვრობდით და ეს ძალიან მძიმე იყო ჩვეულებრივი ადამიანისთვის.

საქართველოში ცხოვრობს არაჩვეულებრივი ადამიანი ნათია სვანიძე, რომელმაც დაგეგმა ეს ტური. ეს მისთვის არ იყო ბიზნესი, ან შემოსავლის წყარო. ის უდიდეს პატივისცემას იმსახურებდა იქაური ბერების მხრიდან, რადგან არის საოცრად კეთილი, სათნო და გულმხურვალე მორწმუნე.

© მედეა დემეტრაშვილისაჰაერო ბურთების „აღლუმი“
საჰაერო ბურთების „აღლუმი“ - Sputnik საქართველო
საჰაერო ბურთების „აღლუმი“

სწორედ კიევ-პეჩერის ლავრაში ერთ-ერთმა მღვდელმა ქადაგების დროს თქვა, რომ უფლის კვართი, რომლითაც ასე ვამაყობთ ქართველები, მონღოლობის დროს დანაწევრდა და ერთი ნაწილი მოხვდა მოსკოვში. ერთი სიტყვით საოცარი ზღაპრები მოყვა. ჩვენ, ქართველები დაველოდეთ ამ მამაოს და შევეცადეთ აგვეხსნა მისთვის, რომ ის ცდებოდა და მან სიცრუე იქადაგა. იქ იყო ერთი უკრაინელი, ახალგაზრდა არქიმანდრიტი, რომლის ცოდნამაც ძალიან გაგვაკვირვა. წაკითხული ქონდა ჯავახიშვილის ნარკვევები, ზედმიწევნით კარგად იცოდა ცხოვრება ქართლისა, კვართის ისტორია და ის თვითონ შევიდა პოლემიკაში ამ მღვდელთან, ჩვენც ძალიან დელიკატურად ვუთხარით ჩვენი სათქმელი და მიხვდა ეს მღვდელი, რომ კარგად არ იყო მისი საქმე… ბოლოს აღიარა, რომ ცდებოდა და დიდი ბოდიში მოიხადა. ნათია სვანიძემ ის საქართველოში დაპატიჟა და შეპირდა, რომ პატრიარქსაც გააცნობდა და სვეტიცხოველსაც დაათვალიერებინებდა.

© მედეა დემეტრაშვილივენეცია
ვენეცია - Sputnik საქართველო
ვენეცია

- თქვენი მოგზაურობის განმავლობაში, რომელიმე ადგილზე გითქვამთ, რომ იქ მოხვედრაზე ვერც იოცნებებდით?

— ეს იყო ფინეთი, რომელზეც უკვე გესაუბრეთ. პირველი განათლებით ბავშვთა ფსიქოლოგი ვარ და ალბათ ეს მომყვება, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წელია იურიდიულ საქმიანობას ვეწევი. ბავშვური შეგრძნებები გეუფლება. ჩადიხარ მიწისქვეშა სამყაროში და იქ გხვდება თოვლის ბაბუის სამყარო, ჩემი ბავშვობის, ყველა ბავშვის სამყარო. ამ დროს მართლა ზღაპარში ვიყავი. მოსჩანს უზარმაზარი თეთრი ხეები, არის —40 გრადუსი ყინვა და ჩვენ, ქართველები, სითბოს მიჩვეული ხალხი, ვართ უხელთათმანოდ, გვეყინებოდა ხელები, ვსეირნობთ ირმებით და ვეხუტებით თოვლის ბაბუას. ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ამ სამყაროში მოვხვდებოდი.

- რომელ ადგილზე ოცნებობთ, რომ მოხვდეთ? არ ვგულისხმობ ქვეყანას, ან ქალაქს…

— იერუსალიმში მაცხოვრის საფლავზე ნამყოფი ვარ. ამაზე მეტად წმინდა და საოცნებო რა უნდა იყოს მართლმადიდებელი ადამიანისთვის? მაშინ ვიყავი იერუსალიმში, როდესაც დაემთხვა მართლამდიდებლური, კათოლიკური და ებრაული დღესასწაული. იმ დროს სამი მილიონი მომლოცველი ჰყავდა იერუსალიმს. იმ თვითმფრინავიდან, რომლითაც ჩავფრინდით ქართველები, ჩემს გარდა ვერცერთი მომლოცველი ვერ მოხვდა მაცხოვრის საფლავზე. ამ წმინდა ადგილზე უფლის ნებით და სრულიად პალესტინის პატრიარქის ხელით შევედი. მიწისქვეშა გვირაბებით ვიარეთ, თავი შუა საუკუნეებში მეგონა. საბერძნეთის ელჩის ცოლმა, რომელსაც ელენა ერქვა, მომკიდა ხელი, არ მომიცილა გვერდიდან და შემიყვანა წმინდა ადგილზე. ამაზე საოცნებო ადგილი მსოფლიოში არ მეგულება.

- ფაქტობრივად ხვდებით რადიკალურად განსხვავებულ სამყაროში, რა შეგრძნებები გეუფლებათ ამ დროს?

— ამ დროს აღარ გახსოვს შენი სახელი, გვარი, წარმომავლობა. სხვა სამყაროს წარმომადგენელი ხარ, სხვა განზომილებაში გადადიხარ. ეს ძალიან საპასუხისმგებლოა. გრძნობ, რომ ჯობია უფრო კარგად, ქრისტიანულად იცხოვრო და სთხოვ უფალს, მოგცეს ამისი ძალა.

- მომავალში რა სახის ტურებს გეგმავთ?

— მომავალში მინდა ტური აღმოსავლეთისკენ დავგეგმოთ. ევროპის ნებისმიერი ქალაქი — პრაღა, ბუდაპეშტი, ვენა და სხვა ყველა თვითმყოფადია. საოცარია პრაღა, არაჩვეულებრივია ბუდაპეშტი, აღარაფერს ვამბობ ვენაზე, მაგრამ ევროპა თავისი კულტურით ერთი და იგივეა. ამიტომ ახლა მინდა მოვინახულო აღმოსავლეთი. ძალიან მინდა ვნახო სინგაპური, ტაილანდი, ტაივანი, ინდოეთი. ასევე ძალიან მინდა სამხრეთ ამერიკაში არგენტინის, ბრაზილიის ნახვა და იმედი მაქვს, მომეცემა ამის საშუალება.

ყველა ახალი ამბავი
0