თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. მთაწმინდაზე ხანძარს 50 მეხანძრე-მაშველი და 10-მდე სამასველო-სახანძრო ტექნიკა აქრობს. ცეცხლის ქრობის პროცესში ვერტმფრენიც ჩაერთვება, იტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.
უწყების ინფორმაციით, შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შეტყობინება მთაწმინდაზე ხანძარის შესახებ, დღეს 13 საათსა და 33 წუთზე შევიდა. სამაშველო-სახანძრო სამსახური შემთხვევის ადგილზე 5 წუთში მივიდა.
„სახანძრო-სამაშველო ტექნიკისა და მეხანძრე-მაშველების მობილიზება ხანძრის კერასთან ორი მიმართულებით განხორციელდა. წყლით ოპერატიული მომარაგება მთაწმინდაზე არსებული ჰიდრანტიდან ხდება. ადგილზე იმყოფება 50-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და 10-მდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. ხანძრის ეფექტური ლოკალიზაციის მიზნით, ცეცხლის ქრობის პროცესში ერთვება შსს-ს ვერტმფრენი", — ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბოლო ერთი თვის მანძილზე მთაწმინდაზე ხანძარი უკვე მეორედ გაჩნდა.