მეგი გვენეტაძე ღრმა ბავშვობიდან ხატავს. ხატვის ნიჭი მასში დედამ აღმოაჩინა. ხატავდა ყველგან: სახლის კედლებზე, ასფალტზე, ქაღალდსა თუ სკოლის მერხზე. მისი ნახატები ორიგინალური და განსხვავებული ტექნიკით არის შესრულებული.
წლების შემდენ ნახატები სხვადასხვა ზედაპირზე გადაიტანა და ბევრ მოძველებულ ნივთს ახალი სიცოცხლე აჩუქა. ხატავს ჭურჭელზე, ტანსაცმელზე, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე, ავეჯზე, ქოთნებზე, ზარდახშებზე და ა.შ. მხატვარი არტ-გალერეაზე ოცნებობს, სადაც მისი ნამუშევრების მუდმივი ექსპოზიცია იქნება გამოფენილი.
— რაც თავი მახსოვს, ვხატავ. შვიდი წელია, პროფესიულ დონეზე და ინტენსიურად ვხატავ. მახსოვს, ღრმა ბავშვობიდან ვამბობდი, რომ მხატვარი უნდა გამოვსულიყავი. ასევე მახსოვს ჩემი „ფავორიტი ნახატები“, რომლებსაც სახლის კედლებზე, ასფალტზე, ქაღალდსა თუ სკოლის მერხზე ვასრულებდი. ჩემში ხატვის ნიჭი დედამ აღმოაჩინა და ყველა პირობა შემიქმნა იმისთვის, რომ ამ ნიჭს შემდგომი განვითარება ეპოვა. ნამდვილად კარგი სკოლა მაქვს გავლილი.
— რა სირთულეებს გადაწყდომიხართ თქვენი შემოქმედებითი საქმიანობის გზაზე?
— ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ათწლიანი პაუზა მქონდა ოჯახური პირობების გამო. როდესაც ბავშვები წამოიზარდნენ, მეტი დრო და საშუალება მომეცა ხატვისთვის. და მეც ისევ დავიწყე ხატვა…
— რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის მეგობრების, ოჯახის წევრების, საზოგადოების აზრი, მათი რეაქცია თქვენი ნამუშევრების მიმართ?
— ძალიან მნიშვნელოვანია. მათი მოწონება თუ ობიექტური კრიტიკა ჩემთვის დიდი სტიმულისა და ენერგიის მომცემია.
— როდის გადაწყვიტეთ, ნახატები ნივთებზე გადაგეტანათ?
— ნახატების ნივთებზე გადატანა სპონტანურად მოხდა, დაუგეგმავად და მგონი, გაამართლა კიდეც.
— რა ნივთები გაქვთ მოხატული?
— ალბათ ყველაფერი, რისი მოხატვაც შესაძლებელია: ჭურჭელი, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, მუსიკალური ინსტრუმენტები, ავეჯი, ქვევრები, ბოთლები, ქოთნები,ზარდახშები, სკივრი, ჩაგი, ბუხარი, სარკის ჩარჩოები, რომელმაც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. მათ შორის ყველაზე სასიამოვნო სამუშაო იყო გიტარა და უძველესი სკივრი, რომელსაც ახალი სიცოცხლე მივეცი.
— თქვენი ნამუშევრები განსაკუთრებული ფერებითა და სიჭრელით გამოირჩევა. როგორ ქმნით ფერთა გამას? წინასწარ გეგმავთ რა ფერები უნდა შეახამოთ თუ ექსპრომტად იქმნება თითოეული ნახატი?
— ფერთა შეხამება ბუნებრივად, თვისთავად მოდის ჩემი შინაგანი სამყაროდან. თითოეული ნამუშევარი ექსპრომტად იქმნება, ყოველგვარი ჩანახატებისა და შაბლონების გარეშე.
— რაც შეეხება სიჭრელეს, რამდენად თამამები არიან ქართველი მომხმარებლები ფერებთან მიმართებაში?
— მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო წლებში ქართველი მომხმარებელი ჩემს ჭრელ ფერებს საკმაოდ პოზიტიურად აღიქვამს და დიდ მოწონებასაც გამოხატავს, რაც ადრე დიდი დეფიციტი იყო.
— როგორი სტილის ინტერიერს უხდება თქვენს მიერ მოხატული ავეჯი, სარკეები და სხვა ნივთები?
— ჩემს მიერ მოხატულ ავეჯსა და სარკეებს ნებისმიერი სტილის ინტერიერს მოვარგებ, ამის გამოცდილებაც მაქვს.
— ცოდნას მოსწავლეებსაც უზიარებთ?
— უკვე 5 წელია, მყავს ხატვის მოყვარულთა ჯგუფი, სადაც თავს იყრიან სხვადასხვა ასაკის ადამიანები. მე ჩემს მოსწავლეებში ვაღვივებ ხატვის ნიჭს, რაც დიდ შრომასა და უდიდეს ნებისყოფას მოითხოვს როგორც ჩემი, ისე მოსწავლის მხრიდან. მაგრამ შედეგი ამად ღირს. ვერ წარმოიდგენთ, რა ბედნიერებაა ჩვენი ერთობლივი შრომის ნაყოფის ხილვა, რომელსაც გამოფენებზე წარმოვადგენთ ხოლმე ფართო საზოგადოების წინაშე. დაინტერესება ყველა ასაკის ადამიანებისგან საკმაოდ დიდია, თუმცა ყველა ვერ ახერხებს გაკვეთილებზე დასწრებას სხვადასხვა მიზეზების გამო.
— რაზე ოცნებობთ, რა ჩანაფიქრი გაქვთ სამომავლოდ?
— ჩემი ყველაზე სანუკვარი ოცნებაა საკუთარი არტ-გალერეა მქონდეს, სადაც გამოფენილი იქნება ჩემი ნამუშევრების მუდმივი ექსპოზიცია. მე ამ ოცნებისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივარ.