თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. საქართველო და თურქმენეთი რიგი მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავებისათვის მზად არიან, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარის აკჯა ნურბერდიევას შორის მოლაპარაკებებზე გახდა ცნობილი.
გაფართოებული ფორმატით გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებას. განსაკუთრებული ყურადღება ეკონომიკისა და ტრანსპორტის სფეროებში პარტნიორობის გაღრმავებას დაეთმო.
„დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დღე ახალ იმპულსს მისცემს ჩვენი ურთიერთობების შემდგომ განვითარებას. ჩვენ მადლიერნი ვართ თურქმენეთის პოზიციისთვის საერთაშორისო ფორმატებში და ჩვენი მხრიდან ყოველთვის მხარს ვუჭერთ თქვენს ინიციატივებს… ჩვენ ვადასტურებთ სურვილს, განვავითაროთ საერთაშორისო ურთიერთობები ჩვენს მეგობარ ქვეყანასთან", — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
თავის მხრივ, თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარემ კვირიკაშვილს ვიზიტისათვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ აშხაბადის შეხვედრები ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას დიდ სტიმულ მისცემდა.
მთავრობის მეთაურის რანგში კვირიკაშვილის პირველი ვიზიტი თურქმენეთში ოთხშაბათს დაიწყო. ის უკვე შეხვდა თურქმენეთის პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუჰამედოვს, გვირგვინით შეამკო თურქმენეთის პირველი პრეზიდენტის, საფარმურატ ნიაზოვის მემორიალი.
საქართველომ და თურქმენეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 16 ივლისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში.
თურქმენეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა უვიზოდ შეუძლიათ, ხოლო ქართული პასპორტით თურქმენეთში შესვლისთვის შესაბამისი ვიზაა საჭირო.