31 აგვისტოდან თბილისის კინოთეატრებში შეგიძლიათ ნახოთ:
„ზეადამიანები"(Inhumans) — ამერიკული სუპერგმირული ტელესერიალი ზეადამიანების სამეფო რასაზე. სერიალზე IMAX Corporation-ის მხარდაჭერით მუშაობენ Marvel Television და ABC. სერიალი მოგვითხრობს მაღალი საზოგადეობის ზეადამიანების შესახებ, რომელთაც საფრთხე ემუქრება. მათ მშობლიურ ქალაქ-სახელმწიფოში, ატილანში სამხედრო გადატრიალება მოხდა, და საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად მათ გაქცევა უწევთ. ჰავაის კუნძულებზე თავშესაფარს იპოვიან და ამის შემდეგ მათ დედამიწისა და მისი მოსახლეობის მიმართ დამოკიდებულება ეცვლებათ. ამიერიდან ზეადამიანები მზად არიან არამარტო საკუთარი თავი, არამედ მთელი პლანეტა დაიცვან. როლებში — სონია ბალმორესი, იზაბელ კორნიში, ემე იკვუაკორი, კენ ლიუნი, მაიკ მო, ენსონ მაუნტი, ივან რეონი.
„ძარცვა ციყვურად" (The Nut Job 2: Nutty by Nature) — რეჟისორ კელან ბრუკნერის ანიმაციური ფილმი. მხიარული თავგადასავლების ძებნაში ციყვმა და მისმა მეგობრებმა შეთანხმებულად უნდა იმოქმედონ. ამჯერად საკუთარი სახლის გადასარჩენად — ქალაქის მერმა პარკის გაჩეხვა და მის ადგილზე უსულო ატრაქციონების აშენება გადაწყვიტა. საბედნიეროდ, ციყვსა და მიწის თხილის სხვა მოყვარულთ აქვთ გეგმა, რომელში ჩვენი გმირების ახალი მეგობრები მონაწილეობენ — თეთრი თაგვები ბრძენი მისტერ ფენგის ხელმძღვანელობით.
„შვიდი და"(Seven Sisters) — რეჟისორ ტომი ვირკოლას ფილმი. წარმოება — დიდ ბრიტანეთი, საფრანგეთი, ბელგია და აშშ. ახლო მომავალში კაცობრიობა პლანეტის მოსახლეობის სიჭარბის პრობლემას წააწყდება. წყლისა და სურსათის დეფიციტი მსოფლიო მთავრობას უკიდურეს ზომებზე წასვლას უბიძგებს. ამიერიდან ოჯახურ წყვილებს მხოლოდ ერთი შვილის ყოლის უფლება აქვს, ყველა მომდევნო შვილი დაძინებას ექვემდებარება. ფილმი შვიდი ტყუპი დის ისტორიას მოგვითხრობს, რომელთა მამამ მათ სახელებად კვირის დღეების დასახელებები შეურჩია და მათ სახლიდან შესაბამის დღეებში თითო-თითოს უშვებდა. მაგრამ ერთხელ ორშაბათი სახლში არ დაბრუნდება და დებმა უნდა გაარკვიონ, რა მოხდა. როლებში: ნუმი რაპასი, უილემ დეფო, გლენ კლოუზი, რობერტ ვაგნერი, მარვან კენზარი. შვიდივე დის როლი ნუმი რაპასმა შეასრულა.
„საქმრო ორისთვის" (Jour J) — რეჟისორ რემ კერისის ფრანგული რომანტიკული კომედია სლოგანით "ერთი მამაკაცი, ორი ქალი, სამი გზა". ალექსია თავისი შეყვარებულის ჯიბეში საქორწილო აგენტის სავიზიტო ბარათს იპოვის და თანახმაა მას ცოლად გაჰყვეს. მატისისათვის ეს სიურპრიზია, რადგან სავიზიტო ბარათი მას მისმა საყვარელმა ჯულიეტამ მისცა, რომელთან მან ახლახან ერთი ღამე გაატარა. მთავარ როლებში რემ კერისი, ნიკოლა დიუვოშელი და ჯულია პიატონი.
გასული კვირიდან თბილისის ეკრანებზე გამოვიდა ფილმები — რეჟისორ ედგარ რაიტის ამერიკული კომედიური ბოევიკი „ბეიბი დრაივერი" ენსელ ელგორტით, ლილი ჯეიმსითა და კევინ სპეისით მთავარ როლებში და რეჟისორ ჯასტინ ჩადვიკის ბრიტანულ-ამერიკული დრამა "ტიტების სურნელი".
ასევე თბილისის კინოთეატრებში — პატრიკ ჰიუზის კომედიური ბოევიკი „ქილერის მცველი" (The Hitman's Bodyguard) რაიან რეინოლდსისა და სემუელ ელ ჯექსონის მონაწილეობით, შვედი რეჟისორის, დევიდ სანდბერგის საშინელებათა ფილმი „ანაბელის წყევლა: დასაწყისი", ლიუკ ბესონის ფანტასტიკური ფილმი „ვალერიანი და ათასი პლანეტის ქალაქი", დანიელი რეჟისორის, ნიკოლაი არსელის ფანტასტიკური ფილმი „ბნელი კოშკი", ჯაშუშური ტრილერი „ფეთქებადი აგენტი", კრისტოფერ ნოლანის სამხედრო დრამა „დიუნკერკი" და „სპაიდერმენი: დაბრუნება".
მულტფილმები ბავშვებისათვის — კომპიუტერულ-ანიმაციული ამერიკული კომედიური ფილმი „EMOJI სმაილები კინოში" და „საზიზღარი მე 3".
სასიამოვნო კინოჩვენებას გისურვებთ!