თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. ცნობილი ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი ისრაელის ფილარმონიის ორკესტრთან ერთად ზუბინ მეტას დირიჟორობით წინანდალში 14 სექტემბერს გამოვა.
კონცერტი წინანდლის ახალ ამფითეატრში გაიმართება, რომელიც ათას ადგილზეა გათვლილი. ამჟამად ის მშენებლობის სტადიაშია ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე.
საღამოს პროგრამაშია რუმინელი კომპოზიტორის ჯორჯე ენესკუს "ბუნებისხმები" (Voix de la Nature), რობერტ შუმანის კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის და პიოტრ ჩაიკოვსკის №5 სიმფონია. ასაკობრივი შეზღუდვა — 12+.
კონცერტის პირდაპირი ტრანსლაცია მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართება Silk Universal-ის ეთერში. ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.
ღონისძიება ემსახურება წინანდალში კლასიკური მუსიკის ფესტივალის პოპულარიზებას, რომელიც 2019 წლიდან დაიწყება. კონცერტი ჩატარდება კომპანია Silknet და Silk Road Group-ის მხარდაჭერით, ასევე სამთავრობო პროგრამის Check in Georgia ფარგლებში.
წინანდლის ფესტივალის პროექტი, რომელმაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური მხარდაჭერა მიიღო, ოფიციალურად 2017 წლის იანვარში წარმოადგინეს. ის მოიაზრებს საქართველოს მთავრობისა და კერძო საინვესტიციო კომპანიების თანამშრომლობას.
პროექტი ასევე ითვალისწინებს წინანდალში საერთაშორისო მუსიკალური აკადემიის დაფუძნებას, რომლის ფარგლებში ჩამოყალიბდება 60 ადამიანისგან შემდგარი ახალგაზრდული ორკესტრი. ახალგაზრდობასთან კლასიკური მუსიკის გამოჩენილი შემსრულებლები და პროფესორები იმუშავებენ.
ზუბინ მეტა ინდური წარმოშობის ცნობილი დირიჟორია. 1978-1991 წლებში მეტა დირიჟორობდა ნიუ-იორკის ფილარმონიის ორკესტრს. 19698 წელს ის მიიწვიეს ისრაელის ფილარმონიის ორკესტრში კონსულტანტის სახით, 1977 წელს მის მუსიკალურ ხელმძღვანელად დაინიშნა, ხოლო 1981 წელს — ორკესტრის მუდმივ ხელმძღვანელად.
ართველი პიანისტი ათი წლის ასაკიდან გამოდის კონცერტებით ევროპაში, რუსეთში, უკრაინაში, სომხეთში, ისრაელსა და აშშ-ში. ხატია ბუნიათიშვილი დაიბადა თბილისში, 1987 წელს. ფორტეპიანოზე დაკვრა უფროს დასთან გვანცასთან ერთად სამი წლის ასაკიდან დედის ხელმძღვანელობით დაიწყო. ექვსი წლის ასაკში კამერული ორკესტრის თანხლებით თბილისში მისი პირველი კონცერტი გაიმართა.
კონსერვატორიის სტუდენტობისას, 2003 წელს ხატიამ კიევში ვლადიმირ გოროვიცის სახელობის ახალგაზრდა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე სპეციალური პრიზი, ხოლო ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსების მხარდასაჭერად გამართულ კონკურსზე პირველი პრიზი მიიღო. ბუნიათიშვილი ასევე Borletti-BuitoniTrustAward (2010) პრემიის ლაურეატია და EchoKlassikAwards-ზე (2012) "წლის საუკეთესო ახალბედას" წოდება მიიღო.
ამჟამად ხატია ბუნიათიშვილი პარიზში ცხოვრობს და გასტროლებს მართავს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.