თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (62) US Open-ის პირველ წრეში "დიდი სლემის" სერიის სეზონის დასკვნით ტურნირში ჯარედ დონალდსონთან ანგარიშით 0:6, 6:4, 3:6, 6:7 ოთხ სეტში წააგო.
სამსაათიანი მატჩის დროს ამერიკელმა ბასილაშვილის ჩაწოდება რვაჯერ აიღო (სულ დონალდსონის ანგარიშზე 23 ბრეიკ-პონტი იყო). ქართველი ჩოგბურთელის მაჩვენებელი ორჯერ ნაკლები იყო.
ბასილაშვილი პირველ ჩაწოდებაზეც არადამაჯერებლად მოქმედებდა — 60% მოგებული ბურთებისა, მისი მეთოქის ეს მაჩვენებელი 78%-ს შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ ათი დღის წინ ჩოგბურთელები ერთმანეთს ერთხელ უკვე შეხვდნენ — ცინცინატიში "მასტერსის" მერვედფინალში. მაშინაც გამარჯვება ამერიკელის მხარეს იყო, რომელმაც ანგარიშით 6:4, 7:6 ორ პარტიაში მოიგო.
"ფლაშინგ მედოუზის" კორტებზე წარუმატებელი გამოსვლით ბასილაშვილმა 10 სარეიტინგო ქულა და საპრიზო ფონდის 50 000 დოლარი დაიმსახურა.
US Open-ი 10 სექტემბრამდე გაგრძელდება. ტურნირის საპრიზო ფონდი 24 მილიონ 193 000 დოლარს შეადგენს, ხოლო მისი მოქმედი გამარჯვებულია შვეიცარიელი სტენ ვავრინკა.