თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე ძლიერი ქვის ცვენის გამო, ყოველდღე საღამოს 19:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონული ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
თუშეთის გზა ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო გზაა საქართველოში. გახსნილია მაისიდან ოქტომბრამდე, დანარჩენი ექვსი თვის განმავლობაში დიდთოვლობის გამო გაუვალი ხდება. ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც თელავის რაიონს სოფელ ომალოსთან აკავშირებს. მისი სიგრძე — 72 კმ.