თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სიონის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას დაესწრო, რომელიც კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა.
ლიტურგიის დასრულების შემდეგ პრემიერმა მრევლს დღესასწაული მიულოცა და მადლობა გადაუხადა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს.
„მინდა, მოგილოცოთ მთელი გულით მარიამობის ულამაზესი დღესასწაული. მინდა, გისურვოთ ერთიანობა, ბევრი სიხარული ჩვენი ოჯახების გაძლიერება, ჩვენი ქვეყნის გაძლიერება და გამთლიანება. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩვენს პატრიარქს, იმისათვის, რომ მან ილოცა სტიქიის ბედნიერად დასრულებისთვის“, — აღნიშნა კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, სწორედ პატრიარქის ლოცვითა და კურთხევით დასრულდა უმსხვერპლოდ ბორჯომში ვერტმფრენის კატასტროფა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო იმისათვის, რომ ის ყოველდღე, ყოველწუთიერად ლოცულობს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და გამთლიანებისათვის, მთელი ერი მისი მადლობელია. მინდამ ვუსურვო ჯანმრთელობა და დღეგრძელობა“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.