კოცონს არ ვანთებთო?— იკითხა ბებიამ და ძალიან ღრმა ბავშვობის ამოტივტივდა ჭიაკოკონობა სამეგრელოში — „ჭეჭეთობა“, რომელიც სწორედ მარიამობის წინა ღამეს იმართებოდა ჩვენს ქუჩაზე… მახსოვს ბავშვების ჟივილ-ხივილი, როგორ გვაქეზებდნენ უფროსები — გადაახტით კოცონს და განდევნეთ „მაზაკვალებიო“. მეორე დილას თმებში სანთლისგან გაკეთებული პატარა ჯვარს ვპოულობდი ჩაწებებულს, თუმცა არ მახსოვდა საიდან მოვიდა და მითიურ „მაზაკვალებს“ ვუკავშირებდი.
მოგვიანებით მოვიდა იმის გააზრება, რომ ეს ერთ-ერთი წარმართული ჩვეულება იყო როგორც სხვა მრავალი საქართველოს ყველა კუთხეში, რომლებიც ასე მჭიდროდ გადანასკვია მართლმადიდებლურ ტრადიციებსა და კულტურას საუკუნეების წიაღიდან.
და მაინც რა არის „ჭეჭეთობა“ და რისთვის იმართებოდა ეს რიტუალი. აი რა ვიპოვე ლიტერატურაში:
ჭეჭეთობა — წარმათობის პერიოდის ერთ-ერთი თავისებური გადმონაშთია. წეს-ჩვეულება ემსახურებოდა ავი სულების (მაზაკვალ-მჩხიბავების, ეშმაკების) განდევნის მიზანს. კოლხთა წარმოდგენით ავი სულები განსაკუთრებით ზაფხულობით მგლის, ძაღლის, კატის და სხვა ცხოველთა სახით დაძრწიან ქვეყანაზე და ვნებას აყენებენ ადამიანებს, მათ ნაშრომ-ნაჭირნახულევს ხვავსა და ბარაქას აცლიან. ჭეჭეთობის რიტუალი ტარდებოდა წელიწადში ორჯერ — ელიობას (20 ივლისს) და მარიამობას (მარიამობის) 15 აგვისტოს წინა ღამეებში. მასიური წარმოდგენით ამ დროებში ადამიანებში გამჯდარი იყო მზაკვრობის ძალა და მათ ცხოველთა სახეს აძლევდა. ამ მხეცებზე შჯდომის საშუალებას ანიჭებდა (ამიტომ, შეუძლებელის შემძლებელს — მგლის მხედარს — „გერიში გიმახვენჯის“ ეძახდნენ). ჭეჭეთობაზე უნდა გამოევლინებინათ მჩხიბავები და განედევნათ მათგან ეშმაკური ძალა, რათა ადამიანებისათვის ვნება არ მიეყენებინათ.
ჭეჭეთობის რიტუალი სამი მთავარი მომენტისაგან შედგებოდა. პირველი იყო „გინორჩქილა“. სოფელში გულთმისნობით ცნობილი („მენცარი“) ქალი და კაცი, რომლებიც ჭრელ-ჭრელად მოირთვებოდნენ (აქედან რიტუალის სახელწოდებაც „ჭერჭეთჸოფა“- ჭრელყოფნა) თავს იყრიდნენ მაღლობ ადგილზე. ყურს მიუგდებდნენ თითოეულ ოჯახს და ამით იგებდნენ წლის განმავლობაში სად ვინ უნდა მომკვდარიყო. საიდანაც შეშის პობის ხმას გაიგონებდნენ და ნაჯახის ცემა ნელი იქნებოდა — მოხუცი მამაკაცი უნდა მომკვდარიყო. თუ ნაჯახის ცემა აჩქარებული იქნებოდა — ახალგაზრდა კაცი მოკვდებოდა. საიდანაც ღომის საცეცხველის ხმა გაისმოდა კაკუტების ნელი ცემით, დედაბერი მოკვდებოდა. კაკუტების ჩქარი ცემით — ახალგაზრდა ქალის სიკვდილი იყო მოსალოდნელი. შემდეგში ამ „გადაყურების“ შედეგები, სოფელში ჩუმი მითქმა-მოთქმის საგანი ხდებოდა.
„ჭეჭეთობის“ მეორე უმთავრესი ეპიზოდი იყო ავი სულების განდევნა ცეცხლ-კოცონის საშუალებით. მაღლობებზე „გადაყურების“ შემდეგ წინასწარ მოგროვილი ფიჩხის კოცონს აჩაღებდნენ (ჭიაკოკონა) და თითოეული დამსწრე კოცონს ზედ გადაახტებოდა, რათა ცეცხლის ალს თვით იღლიიდანაც გაედევნა ეშმაკი და ავი სული ცეცხლთან თამაშის დროს. მღერობდნენ სიმღერას რომელშიაც ნათქვამი იყო მჩხიბავთა საქმიანობაზე. საწნახელებით „ტაბაკონაში“ გაჯირითებაზე და მათი თვალების გავარვარებული შამფურებით ამოწვაზე.
მესამე და დასკვნითი ეპიზოდში მარიამობის ჭეჭეთობიდან დაბრუნებულნი, როგორც ეშმაკებისაგან გაწმენდილნი, როცა უდარდელად იძინებდნენ, ოჯახის დედა მათ მალულად ცვლის სანთელს აწებებდა თმაში, რითაც წლის განმავლობაში დაცული იქნებოდა ეშმაკებისა და ავი გულთვალისაგან».
…აი თურმე საიდან ჩნდებოდა ბავშვების თმებში სანთლის ჯვრები…