თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი „მი-8“, რომელიც ბორჯომის ტყის ხანძრის ლიკვიდაციაზე მუშაობისას ჩამოვარდა რეზერვუარის ავსებისას, წყლიდან ამოიყვანეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი-2“.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, საჰაერო აპარატს სპეციალური ტექნიკით თბილისში ექსპერტიზისთვის გადმოიტანენ, რათა ჩამოვარდნის მიზეზები და ასევე სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალის რაოდენობა დადგინდეს.
აღსანიშნავია, რომ წყლის დონის დასაწევად სამუშაოები გუშინ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ვერტმფრენის წყლიდან ამოღებას ადგილზე თვალს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ადევნებდა. მისი თქმით, წყალი მთლიანად გაიწმინდა, რათა საწვავით მდინარის დაბინძურება არ მომხდარიყო.
ამ წუთებში ბორჯომის წყალში ჩავარდნილი ვერტმფრენის პილოტების დაკითხვა მიმდინარეობს. მომხდარზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილითაა დაწყებული.
ჯერჯერობით უცნობია, ამოიღეს თუ არა პილოტისა და მართვის ცენტრის ჩანაწერები.