თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. ბორჯომის ხეობაში ხანძარი ჩამქრალია, მიმდინარეობს ნიადაგის დამუშავება, მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსული მეხანძრეები დატოვებენ საქართველოს, აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხის ეთერში.
„ზონაში ჯერ კიდევ რჩება შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის ათასამდე თანამშრომელი, თავდაცვის სამინისტროს ასეული, ენერგეტიკის სამინისტროს 50 თანამშრომელი. ადგილზე რჩება სპეცტექნიკა. ხვალ დილით საქართველოს დატოვებს ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან ჩამოსული დახმარება — ცოცხალი ძალით და სპეცტექნიკით. ამჟამად ზონაში გვყავს შსს-ს ერთი და ერთი ბელარუსიული ვერტმფრენი, დანარჩენებმა დატოვეს საქართველოს ტერიტორია", — განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
რაც შეეხება მდინარეში ჩავარდნილ ვერტმფრენს, მრებრიშვილის განცხადებით, მისი ამოყვანის შემდეგ თბილისში მისი ექსპერტიზა ჩატარდება. მისი თქმით, წყლის ხარისხი შესწავლილია.
„არაფერი საგანგაშო არ არის. მიუხედავად ამისა, ის დაბინძურებაც ბოლომდე გაწმინდეს. ეტაპობრივად ხელოვნური აუზიდან წყალსაც ვუშვებთ. ანუ არავითარი საფრთხე ეკოლოგიას არ ემუქრება. ვერტმფრენის წყლიდან ამოღებას ველოდებით სავარაუდოდ ხვალ. იქნება სპეციალური ტექნიკით გადატანილი თბილისში, სადაც დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზა", — განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
მინისტრის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში მომხდარი ხანძრების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა აღნიშნა ისიც, რომ ეს საქმე რთულად გამოსაძიებელთა კატეგორიას მიეკუთვნება.