აკროპოლისის თასითა და მსოფლიოს ჩემპიონატების ოქრო-ვერცხლით განელებული ცხელი ზაფხული

გამოწერა
რამდენადაც დამთრგუნველი იყო გასული კვირა ბორჯომის ხეობაში გადამწვარი ტყის მასივის გამო, იმდენად სასიხარულო გახლდათ ჩვენი სპორტსმენების, არ მეშინია ამ სიტყვების, ისტორიული მიღწევები.

თითქმის ერთდროულად, კალათბურთის ნაკრებმა აკროპოლისის თასი მოიგო, ორმა მოჭიდავემ მსოფლიოს პირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა და ასევე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედლით გაგვახარა მცხეთელმა ნიჩბოსანმა. რიგით მივყვები, ჯერ კალათბურთზე მოგახსენებთ.

წლების წინ, როდესაც საქართველოს ნაკრებს სათავეში სერბი სპეციალისტი იგორ კოკოშკოვი ჩაუდგა, გუნდმა გარკვეულ წარმატებებს მიაღწია, ორჯერ იასპარეზა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ფედერაციის მესვეურები კოკოშკოვის ქება დიდებაში იყვნენ, აშკარად ჩანდა, რომ მისი კომპეტენცია აშკარად ჩამორჩებოდა ნაკრების მოთამაშეთა დონეს. არაერთგზის დამიწერია მეც და ბევრ სპორტულ ჟურნალისტს, რომ ქართველი კალათბურთელები უკეთესი მწვრთნელის ხელში გაცილებით მეტს მიაღწევდნენ და ეს წარმატებები (თუ ჯგუფიდან გასვლას წარმატება ჰქვია), უფრო მოთამაშეთა დამსახურება იყო ვიდრე მათი დამრიგებლის. მის შეცდომებზე საუბარს აღარ მოვყვები, მირჩევნია ახლანდელი მწვრთნელის, ილიას ზუროსის უდავოდ მაღალკვალიფიციურობაზე ვისაუბრო. ჯერ კიდევ ლიტვაში გამართულ ტურნირზე (რომელიც ჩვენმა გუნდმა მოიგო) გამოჩნდა, რომ გადამწყვეტ მომენტებში აბსოლუტურად სწორ და ერთადერთ გადაწყვეტილებებს იღებდა. თამამად მიმართავდა ექსპერიმენტებს, გუნდი დაცვაში სწორად ათამაშდა, გამოჩნდა ბევრი წინასწარ დამუშავებული კომბინაცია, თუნდაც ორმაგი დაცვა, რაც ჩვენი კალათბურთელებისთვის აქამდე უცხო ხილი იყო. ნაკრებში სანიკიძე — ბურჯანაძის ტრავმებმა მესამე-მეოთხე ნომერზე სერიოზული დეფიციტი შექმნა, ზუროსმა აქაც მოძებნა ბევრისთვის მოულოდნელი სვლა და ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია ახალ ამპლუაში მოგვევლინა. ზაზას კლასმა და გუნდის მონდომებამ ახალი სქემა მძლავრ იარაღად აქცია. ნაკრების დამრიგებლის მთავარი დამსახურებაა, რომ უკლებლივ ყველა, გამარჯვებულის მენტალიტეტით დაიმუხტა, რაც საბერძნეთში გამართული აკროპოლისის თასის გათამაშებაში გამოჩნდა. ბერძნები და სერბები ევროპული გრანდების კატეგორიას განეკუთვნებიან, თუმცა ჩვენთან შეხვედრებში გრანდის ტიტულს უფრო ქართველთა ნაკრები იმსახურებდა. ბოლო წუთებში აუღელვებელი, „მკვლელი“ სამქულიანებით მოგებულმა ორივე შეხვედრამ ნაკრებს ისტორიაში პირველად, ამ პრესტიჟული ტურნირის გამარჯვებულის ტიტული მოუტანა. ორიოდ დღეში ევროპის ჩემპიონატი იწყება და ეჭვი არ არის, იქაც გამოჩნდება ახალი მწვრთნელის გარჯის ნაყოფი.

როგორც უკვე მოგახსენეთ, პარალელურად, პარიზში, მოჭიდავეები მსოფლიოს ჩემპიონობისთვის იბრძოდნენ. ჩვენმა თავისუფალი სტილის ფალავნებმა აქაც იყოჩაღეს. ჯერ იყო და პირველ დღეს უმძიმეს კატეგორიაში გენო პეტრიაშვილმა ტიტულებით დახუნძლული თურქი თაჰა აკგული დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა, მეორე დღეს კი 65 კგ. წონაში მოასპარეზე ზურაბ იაკობაშვილმა ჯერ ნახევარფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე ოს გოგაევს აჯობა, მერე ფინალში პოლონეთის დროშით გამოსულ ვროპის შარშანდელ ჩემპიონს (70 კილოგრამში), მაგომედმურად გაჯიევს დაუპირისპირდა და გაფრთხილებით დაკარგულ ერთ ქულას ორქულიანი ილეთით უპასუხა. საფინალო სირენის შემდეგ კი სამსაჯო მაგიდისგან კიდევ ერთი ქულა მიიღო, პოლონელი მწვრთნელების უსაფუძვლო პროტესტისთვის – 3:1. ვერც კი ვიხსენებ ბოლოს როდის მოიგეს ჩვენმა მოჭიდავეებმა ერთბაშად ორი ოქროს მედალი.

ალბათ გახსოვთ, ჩვენმა მცხეთელმა ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ რიოს 2016 წლის ოლიმპიადაზე მეხუთე ადგილი დაიკავა, წელს მსოფლიოს თასის ეტაპზე მეორე იყო, ევროპის ჩემპიონატზე კი მესამე ადგილი დაიკავა, ამ წარმატებების ფონზეჩეხეთის ქალაქ რაჩიცეში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ის უკვე ფავორიტადაც მიიჩნეოდა და არც გაგვაწბილა — 26 აგვისტოს, კანოეთი 200 მეტრ დისტანციაზე გამართულ ფინალურ შეჯიბრში ქართველი ნიჩბოსანის შედეგი 38,439 წამი იყო, გამარჯვებული კი  ბელორუსი არტიომ კოზირი გახდა (38,161). საინტერესოა, რომ ფინიშის ხაზთან უშეღავათო ბრძოლაში გართული ქართველი კანოედან წყალში აღმოჩნდა, თუმცა ეს ალბათ მისი პირველი დიდი ჯილდოს ნათლობა იყო.

როგორც აღვნიშნე 31 დეკემბერს ისრაელში ევრობასკეთ-2017 იწყება, მიუხედავად შემადგენლობაში დანაკლისისა, იმედი მაქვს ჩვენი კალათბურთელები წარმატებით იასპარეზებენ (მხოლოდ ჯგუფიდან გასვლას არ ვგულისხმობ). მარიამობა დღეს კი 28 აგვისტოს, ბუდაპეშტში იწყება მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში. წესით, უმედლოდ არც აქ უნდა დავრჩეთ, ბოლო ხანს ძიუდოისტებმა ძალიან მაღლა ასწიეს თამასა და ნებისმიერი რანგის შეჯიბრში უმთავრეს ფავორიტებს შორის მოიაზრებიან.

სწორედ მათი სავარაუდო წარმატებების ფონზე მოგვიწევს წლევანდელი ცხელი ზაფხულის გაცილება, რომელმაც სპორტულ სარბიელებზე მიღწეული გამარჯვებების ფონზე, სამწუხაროდ, ბევრი უსიამოვნებაც მოგვიტანა.

 

ყველა ახალი ამბავი
0