თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. საპორტო ქალაქ ფოთში, ფალიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა კვირას მათ მახლობლად მდებარე ცემენტის ქარხნის მუშაობა გააპროტესტეს. კომპანია GEORGIAN CEMENT COMPANY-ის ქარხანა ფალიაშვილის ქუჩიდან 200 მეტრშია განთავსებული და მოსახლეობის თქმით, გარემოს აბინძურებს
„ფანჯრებს ვერ ვაღებთ, ყველგან ცემენტის მტვერია, ეზოში მცენარეები დაჭკნა, დაგვეხმაროს ხელისუფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის სხვა ფორმებს მივმართავთ “, — განუცხადეს აქციის მონაწილეებმა „Sputnik საქართველოს"კორესპონდენტს.
მოსახლეობა ითხოვს, რომ ქარხანის ადმინისტრაციამ სპეციალური ფილტრები დააყენოს და აღკვეთოს გარემოს დაბინძურება.
თავად კომპანიის ადმინისტრაცია ამ თემაზე ოფიციალურ კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს.
მოსახლეობა პრობლემების მოუგვარებლობის შემთხვევაში, ქალაქის ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვით იმუქრება.
ჯემალ ღამბაშიძე